კრიზისი ტურიზმის სფეროზეც აისახა - დარგის სპეციალისტები ჯავშნების გაუქმებაზე საუბრობენ
საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ტურიზმის სფეროზეც აისახა - დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, თუ Covid პანდემია არ ჩაითვლება, ყველაზე ცუდი სეზონია.
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტი, შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ თბილისში მდებარე სასტუმროების უმრავლესობას სტუმრები არ ჰყავს, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჯავშნებს აუქმებენ.
ვციტირებ, ბოლო კვარტალი ჰქონდა რეკორდული და ასეთი კვარტალი არ ყოფილა. ერთი სასტუმრო მაინც თუ გამოვა თბილისში და იტყვის, რომ ეს რეალობაა, გავჩუმდები. სტუმრები არ გვყავს თბილისში ამ ეტაპზე. პანდემიას თუ არ ჩავთვლით, ყველაზე ცუდი სეზონია ბოლო 20 წლის განმავლობაში", - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.
მიმდინარე 2025 წელი, რომელიც მოგეხსენებათ მიმდინარე მოვლენების ფონზე როგორი ტურბულენტური არის. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრიაზე. ჩვენი კონკრეტული კომპანიის მაგალითზე გვაქვს გაუქმებები ჯავშნების ჯერ კიდევ დეკემბრის თვიდან მოყოლებული და ასევე მომდევნო ჯავშნების მიმართ გვაქვს ძალიან დიდი ბუნდოვანება", - ამბობს ტურიზმის სფეროს კიდევ ერთი წარმომადგენელი.
ჯავშნების რეკორდულად გაუქმების გარდა, საქართველოსთვის უსაფრთხო დასასვენებელი ადგილის რეპუტაციის აღდგენაზე "ინნ ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი საუბრობს.
ერეკლე კოკაიას მიაჩნია, რომ ტურისტული სეგმენტის განვითარებისთვის ორმხრივი დიალოგი და გარკვეულ დათმობებზე წასვლაა აუცილებელი.
თუ არ იქნება საუბარი ორმხრივი, მსჯელობა და შეთანხმება, რთულია ისაუბრო, როგორ განვითარდება მომავალში ტურისტული სეგმენტი. იმისთვის, თუ გვინდა, რომ ჩვენ უსაფრთხოდ ვაგრძნობინოთ თავი ტურისტებს და საქართველოს შევუნარჩუნოთ ან აღვუდგინოთ უსაფრთხო დასასვენებელი ადგილის რეპუტაცია, ამისთვის აუცილებელია გარკვეული ცვლილებები. მე მიმაჩნია სწორად საუბარი. საუბრის გარეშე არ გამოდის არაფერი. რაღაც დათმობები აუცილებლად... საუბარი არის იმაზე, რომ აუცილებლად უნდა იყოს რაღაცაზე შეთანხმება და გარკვეული დათმობები", - ამბობს ერეკლე კოკაია.
დღეს ტურიზმის წარმომადგენლების შეხვედრა ხმაურის ფონზე წარიმართა - სფეროს წარმომადგენლება ტურიზმის ადმინისტრაციას პირდაპირ უთხრეს, რომ ისინი რეჟიმს ემსახურებიან.
- "ემსახურებით რეჟიმს! სამოქალაქო პოზიცია დააფიქსირეთ იმ ძალადობაზე, რაც ხდება?" - თამუნა თანდაშვილი ტურიზმის ადმინისტრაციას
- ტურიზმის სფეროს ხმაურიანი შეხვედრა - "25 წელზე მეტია, ჩვენ აღებული გვაქვს ევროატლანტიკური გეზი, რატომ გადავხტით უცბად აზიაზე?"