ჯგერენაია: რეპრესიული კანონებით პროტესტის ჩახშობა სურთ - 2023 წლიდან დღემდე 1 600-ზე მეტ პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოება შეეხო
შეკრება-მანიფესტაციის კანონში შეტანილ ცვლილებებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი პროტესტის ხმის ჩახშობის მცდელობად აფასებს.
ვერიკო ჯგერენაია დარწმუნებულია, რომ სამართალდამცველები მშვიდობიან დემონსტრანტებს ადმინისტრაციული წესით სწორედ ამ მიზეზიდან და მოქალაქეთა დაშინების სურვილიდან გამომდინარე აკავებენ.
"2023 წლიდან დღემდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევების წარმოება შეეხო 1600-ზე მეტ პირს" - აღნიშნავს საიას წარმომადგენელი.
2023 წლიდან დღემდე ძალიან ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა არის ადმინისტრაციული წესით დაკავება, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სწორედ ამ რეპრესიული კანონებითა და ქმედებებით არის მცდელობა იმისა, რომ პროტესტი იყოს ჩახშობილი.
ადმინისტრაციული პატიმრობის ვადით გაოთხმაგება და ჯარიმების ზრდა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ამ ცვლილების მიზანი არის მოქალაქეების დასჯა და დაშინება იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ასე აქტიურად აღარ გააპროტესტონ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში 2023 წლიდან, დღემდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევების წარმოება შეეხო 1600-ზე მეტ პირს", - ამბობს ვერიკო ჯგერენაია.