მერიის თანამშრომელმა საკუთარი მეგობარი გულის არეში ნასროლი ტყვიით მოკლა - დეტალები საგარეჯოდან
საგარეჯოში მომხდარი მკვლელობა - ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა გიორგი ქურდოვანიძემ ბავშვობის მეგობარ გიორგი ფეიქრიშვილის ტყვია გულმკერდის არეში ესროლა და რამდენიმე გასროლით ადგილზევე მოკლა.
როგორც მოკლულის მამა "პირველებთან" ამბობს, შვილი ბოლოს გვიან ღამით იქამდე ნახა, სანამ გიორგი ქურდოვანიძე გიორგი ფეიქრიშვილს სატელეფონო ზარის მეშვეობით სახლიდან გაიყვანდა.
მისივე ცნობით, სოფელ ანთოკთან მომხდარი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია მწყემსმა მიაწოდა.
მეგობრები იყვნენ. არ ვიცი, მკვლელობის მოტივი რა არის. მწყემსა იპოვა და მისგან შევიტყვე", - ამბობს ტარიელ ფეიქრიშვილი.
საგარეჯოში მომხდარი მკვლელობა - "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ 38 წლის გიორგი ფეიქრიშვილის მკვლელობაში ბრალდებული მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი გიორგი ქურდოვანიძეა, რომელიც სამართალდამცველებმა გამთენიისას აიყვანეს და ამ ეტაპისთვის კახეთის სამხარეო პოლიციაშია გადაყვანილი.
როგორც "ტვ პირველის" კორესპონდენტი იუწყება, შემთხვევა 7 თებერვალს, სოფელ ანთოკის შესასვლელთან, ე.წ. ქუჩური გარჩევის შედეგად მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ კაცმა გიორგი ფეიქრიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
სავარაუდოა, რომ გიორგი ქურდოვანიძე და გიორგი ფეიქრიშვილი ახლო მეგობრები იყვნენ და მათ შორის დაპირისპირებას წარსულშიც ჰქონდა ადგილი. საგარეჯოს მაცხოვრებლები მკვლელობის შესაძლო მოტივად ეჭვიანობას ასახელებენ.