საქართველოში ჩინური სათვალთვალო კამერების წილი მკვეთრად იზრდება
"სამოქალაქო იდეა" ქართული სამთავრობო ინსტიტუტების მიერ ჩინური სადაზვერვო ტექნოლოგიების შესყიდვის შესახებ კვლევას აქვეყნებს - მათივე ცნობით, ქართულ ბაზარზე ჩინური კომპანიების მიერ წარმოებული სათვალთვალო ტექნოლოგიების წილის მკვეთრად იზრდება.
საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მხრიდან ჩინეთში წარმოებული სამეთვალყურეო კამერების შესყიდვის შემთხვევების ანალიზმა აჩვენა, რომ ჩინური ტექნოლოგიების შეძენის მზარდი ტენდენციაა.
2019-2024 წლებში ჩინური სათვალთვალო ტექნოლოგიების შესაძენად 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. კერძოდ, თუკი მაგალითად, 2023 წელს 151 592 ლარის სულ 6 შესყიდვა განხორციელდა, 2024 წელს ეს რიცხვი 13-მდე გაიზარდა, რომელშიც ხელისუფლებამ 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე ჩინური სამეთვალყურეო კამერების შემსყიდველები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, სამინისტროები და მათი საქვეუწყებო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა. რაც შეეხება შესყიდული კამერების მწარმოებლებს, მათ შორის არიან საერთაშორისო დონეზე არაერთ სკანდალში გახვეული და საეჭვო რეპუტაციის მქონე ისეთი ჩინური კომპანიები, როგორებიცაა;
- Zhejiang Dahua Vision Technology Co., Ltd.,
- Hangzhou Hikvision Digital Technology Co.,Ltd
- Tiandy Technologies Co., Ltd.
2019-2024 წლებში ჩინური წარმოების სამეთვალყურეო კამერების ყველაზე მსხვილი შემსყიდველი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იყო. საყურადღებოა, რომ კომისიამ 2024 წელს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, შეიძინა 1 694 368 ლარის ღირებულების სამეთვალყურეო კამერები, რომლებიც Xiamen Milesight Technology Co., Ltd-ის მიერაა წარმოებული.
კვლევა ვრცლად მოცემულ ბმულზე იხილეთ.