"ოცნებამ" ვერ შეიგნო, რომ არ გვეშინია - მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები მათ დაკავებას არ გამორიცხავენ

09.02.25 12:14
"ოცნებამ" ვერ შეიგნო, რომ არ გვეშინია - მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები მათ დაკავებას არ გამორიცხავენ

ადამიანები, რომლებმაც მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, ქუთაისში, მოსამართლის სახლთან 30 წუთიანი საპროტესტო მშვიდობიანი აქცია გამართეს და რომელთა წინააღმდეგაც შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, არალეგიტიმური ხელისუფლები რეპრესიული ქმედებები აღარ უკვირთ.

მასწავლებელი ლადო აფხაზავა პირდაპირ ამბობს, რომ არ გაუკვირდება, თუ აქციაზე დგომის გამო დაიჭერენ. მისი თქმით, "ოცნება" აგონიაშია და ადამიანების გაჩუმებას რეპრესიული კანონებით ცდილობს. 

დღევანდელ დღეს საქართველოში თუ ვინმეს დაიჭერენ, უკვე გასაკვირიც არაა და რატომღაც, ახლობლებს როდესაც ვუთხარი, რომ შეიძლება, დამიჭირონ, ზოგიერთ მათგანს არც კი გაკვირვებია. რასაც გააკეთებ, უკვე იმის საპირწონე სხვა კანონებს იღებენ რამდენიმე დღეში. თითქოს სამი მოსმენა სჭირდება ამას და ისე მალე იღებენ ამ კანონებს, რომ ცოტა ხანში ალბათ სახლიდანაც ვეღარ ჩამოვალთ ეზოში რომ გავისეირნოთ. ვფიქრობ, რომ ხელისუფლება აგონიაშია და ამით შეიძლება ფიქრობს, რომ გვაშინებენ. რავიცი, დაგვიჭერენ თუ ჯარიმას გადაგვახდევინებენ, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ნამდვილად ვიმყოფებოდით იმ აქციაზე, რომელი აქციაც გაგრძელდა 30 წუთის განმავლობაში. ჩვეულებრივად, დავაფიქსირეთ, გავშალეთ მზია ამაღლობელის მხარდამჭერი ბანერი და ცოტა ხანში დავკეცეთეს ყველაფერი, წამოვედით და უკვე მერიასთან შევუერთდით ამ აქციას, - ამბობს ვლადიმერ აფხაზავა.

ლანჩხუთის საკრებულოს წევრი გივი ცინცაძე ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდი შეშინებულია და  ამიტომ ცდილობს, მსგავსი აქციები ყველა ხერხით აღკვეთოს. 

გვეუბნებიან, რომ თურმე მოსამართლის სახლთან აქციის გამართვა არ შეიძლება. რეპრესიები არის ქვეყანაში და ემსახურება იმას, რომ ხვალ სხვამ არ გააკეთოს იგივე, იმიტომ, რომ ეშინია ხელისუფლებას, ამდენი ხალხის გამოსული ქუჩაში, ამდენი ხნის განმავლობაში არ დავნებდით, არ გვეშინია, ამ ხელისუფლებამ ეს ვერ შეიგნო, - ამბობს გივი ცინცაძე.   

მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, ქუთაისში, მოსამართლის სახლთან 30 წუთიანი საპროტესტო შეკრების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა აქციის 9 მონაწილეს:

  • ➢ გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი;
  • ➢ ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, ქართველი ჯაზის მომღერალი;
  • ➢ ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი;
  • ➢ ხვიჩა ვაშაყმაძე - ჟურნალისტი;
  • ➢ ქეთევან ფილაური - ფსიქოლოგი;
  • ➢ მაია ცირამუა - ფსიქოლოგი;
  • ➢ ირინა ზარანდია - სამოქალაქო აქტივისტი;
  • ➢ გივი ცინცაძე - ლანჩხუთის საკრებულოს წევრი;
  • ➢ ეკა კუხალაშვილი - „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილი, სასჯელის სახით 15 დღემდე ვადით დაპატიმრებას ითვალისწინებს. კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, იგივე ქმედებაგამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან 60 დღემდე ვადით პატიმრობას.
სხდომა ორშაბათს, 10 თებერვალს, 12:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.საქმეს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან აქცია 26 იანვარს გაიმართა, თუმცა ქუთაისის პოლიციამ რეაგირება მხოლოდ 6 თებერვალს გადაწყვიტა. 5 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ მედიის შემზღუდავი ახალი კანონდებლობის მიღება დაანონსა.

მალხაზ ოქროპირაშვილი სწორედ ის მოსამართლეა, რომელმაც არ განიხილა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებით, რითაც მზია პოლიტიკურ პატიმრობაში დატოვა. მზია ამაღლობელი 28-ე დღეა შიმშილობს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის ციხიდან სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. პროკურატურა მას პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავება. უკანონობრალით მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შეკრების მონაწილეთა ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატები დაიცავენ.