სისტემა დგას ჯალათებზე, რომელთაც მწვანე შუქს საგამოძიებო სამსახური უნთებს - იურისტები

09.02.25 15:44
სისტემა დგას ჯალათებზე, რომელთაც მწვანე შუქს საგამოძიებო სამსახური უნთებს - იურისტები

კადრები, რომელიც შაბათი ეთერის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გადაიღეს და რომელიც 2 თებერვალს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სასტიკად დარბევას ასახავს, იურისტებისთვის პირდაპირი მტკიცეულებაა, თუ რა დანაშაულები ჩაიდინეს ძალოვანებმა ხარებას მეთაურობით.

იურისტი კახა კოჟორაძე ამბობს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დანაშაული არის არა მარტო ძალადობა, არამედ ამ ძალადობის რეაგირების და გამოძიების გარეშე დატოვებაც. 

სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად დანაშაული არის არა მარტო ძალადობა, ასევე დანაშაულია, როდესაც შენ ხარ პოლიციელი, ხედავ, რომ ადამიანზე ძალადობენ და დუმხარდ ა უმოქმედოდ ხარ, ეს ასევე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. და ასევე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, როდესაც შენ ხარ გამომძიებელი, გაქვს კონკრეტული ფაქტები ასეთი ტიპის დანაშუალების შესახებ და შენ არ იძიებ, გაქვს მტკიცებულებები და შენ თაროზე დებ. ე.წ. ძალადობა, უმოქმედობა, გულგრილობა და არგამოძიება ამ ყველაფრისა, არის ერთი მთლიანი ჯაჭვი იმ სისტემური დანაშაულებრივი ქმედების, რასაც ჩვენ ვუყურებთ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, - ამბობს კახა კოჟორიძე. 

სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების სასტიკ ცემას არაადამიანურ მოპყრობად აფასებს იურისტი ლაშა ცუცქირიძეც. მისი თქმით, ძალოვანების მხრიდან ამგვარ დანაშაულებს 15 წლიანი ხანდაზმულობის ვადა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ ხელისუფლებას მათი პასუხისგებაში მიცემა მარტივად შეეძლება. 

მე პირადად შევესწარი არაერთი ადამიანის არაადამიანური ცემის ფაქტს, როდესაც თითოეულ მათგანს იზოლატორებში შევხვდი და ამას პირდაპირ შემიძლია სამართლებრივად ვუწოდო მათ მიმართ მოპყრობას არაადამიანური მოპყრობა, წამება, ზოგიერთი პირის მიმართ. წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, მითუმეტეს, როდესაც ამას ახორციელებს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, მითუმეტეს, ხელმძღვანელი პირი სამსაურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ძალადობით, 15 წლიანი ხანდაზმულობის ვადა აქვს. მონაწილეობასთან ერთად, გარკვეულწილად, აორგანიზებდნენ და ხელმძღვანელობდნენ, ფაქტობრივად, ძალადობრივი ჯგუფების მოქმედებას და ეს ძალადობრივი ჯგუფები, ჩვენთან, სამწუხაროდ, არიან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, - ამბობს ლაშა ცუცქირიძე. 

ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე პირდაპირ ამბობს, რომ დაუსჯელობის გამო ძალოვანები "თავს გავიდნენ" და აღარ უყურებენ, სად და რა პირობებში ძალადობენ მოქალაქეებზე. მისი თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიების დაწყებასაც ვერ ბედავს, რადგან პოლიციის მაღალჩინოსნების გამოკიტხვაზე დაბარებას ერიდება. 

აქამდე ჩვენ ვიცოდით მხოლოდ მონაწყოლი, რომელსაც ათობით დაზარალებული ყვებოდა ხოლმე, თუ როგორ უსწორდებოდნენ მათ ფიზიკურად, მაგრამ დღესდღეობით ისე არიან თავგასულები აღნიშნული მოძალადეები, რომ რადგან ერთი პოლიციელიც არ დასჯილა, მათ საერთოდ აღარ აინტერესებთ კამერებთან იძალადებენ ამ ადამიანებზე, პირდაპირ ქუჩაში იძალადებენ, აქციაზე იძალადებენ თუ სხვაგან იძალადებენ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მათ უნთებს მწვანე შუქს. გამოდის, რომ გამოძიებაც ვერ დაიწყეს, იმიტომ, რომ ისინი ვერ გაბედავენ პოლიციელების მაღალჩინოსნების დაბარებას და სისტემა დგას ამ ჯალათებზე, - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.