"მოძალადე პოლიციელებს პასუხისგება მოუწევთ" - მესამე სექტორი ადამიანების წამების ფაქტებს ადოკუმენტირებს

09.02.25 16:05
"მოძალადე პოლიციელებს პასუხისგება მოუწევთ" - მესამე სექტორი ადამიანების წამების ფაქტებს ადოკუმენტირებს

ძალოვანების მიერ ადამიანების უმოწყალოდ ცემა და წამება - არასამთავრობო ორგანიზაციები ფაქტებს ადოკუმენტირებენ, რათა ყველა მტკიცებულება საერთაშორისო გამოძიების ხელში აღმოჩნდეს. 

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენელი ლელა ცისკარიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ წამების ასეთი მაგალითები მხოლოდ ბელარუსშია. მისი თქმით, მოძალადე პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება და სწორედ ამ მომენტისთვის ემზადება მესამე სექტორი. 

უმძიმესი ფაქტები გვაქვს აღწერილი. მე არაერთ ქვეყანაში მიმუშავია წამების თემაზე, არაერთ შემსწავლელ მისიაში მიმიღია მონაწილეობა და პროტესტის დროს ასეთი წამება მხოლოდ ბელარუსში მახსენდება, დისტანციურად ვმუშაობდი მაშინ ბელარუსზე, უპრეცედენტოა. ერთის მხრივ, ის პირდაპირობა, რომ არავის ეშინიათ, ყველას გვაყურებინებდნენ ამას, მეორეს მხრივ, ის კანონზომიერება, რომ სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვა დროს იდენტურად ძალადობდნენ ადამიანებზე ანუ ასეთი ბრძანება იყო ცენტრალური და ეს არ იყო შემთხვევითი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა საერთაშორისო სტრუქტურას მიეწოდოს, რომ რაღაც მომენტში, აუცილებლად დადგება პასუხისმგებლობა ამ ხელისუფლების, მზად ვიყოთ, რომ დადოკუმენტირებული მასალები წარვუდგინოთ საერთაშორისო უწყებებს, - ამბობს ლელა ცისკარიშვილი. 

სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ყველა იმ პოლიციელების იდენტიფიცირება, რომლებიც ადმაიანებზე ძალადობაში მონაწილეობდნენ. მისი თქმით, აღნიშნულ დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვთ, შესაბამისად, ადრე თუ გვიან ყველა მოძალადეს პასუხისმგებლობა მოუწევს.  

ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა წამება, მას პასუხისმგებლობა შეუძლია დააკისროს ნებისმიერიმა სახელმწიფომ, არა მხოლოდ იმ სახელწიფომ, სადაც ეს მოხდა. ამიტომ, საერთაშორისო ადვოკატირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ პოლიციის მაღალჩინოსნებისა თუ სხვა პოლიციელების სახელების და გვარების მიწოდება სხვა სახელმწიფებისთვის, იმიტომ, რომ როდესაც ისინი საზღვარს გადაკვეთენ, ისინი სწორედ იმ ქვეყნის იურისდიქციაში შეიძლება მოექცნენ. ეს არის ისეთი კატეგორიის დანაშაული, რომელსაც არ აქვს ხანდაზმულობის ვადა, ამიტომ ტყუილად ჰგონიათ, რომ თავი ქუდში აქვთ პოლიციის მაღალჩინოსნებს და სხვა თანამშრომლებს, რომ მათ შერჩებათ ეს დანაშაული, - ამბობს თამთა მიქელაძე. 

მსგავსი სიახლეები