"მზად ვართ ყველანაირი სანქციისთვის" - ქუთაისის სასამართლო დღეს მოსამართლის სახლთან ჩატარებული აქციის მონაწილეებს გაასამართლებს
ოლიგარქიული რეჟიმის მოწინააღმდეგე ადამიანები გასამართლების მოლოდინში - ქუთაისის სასამართლოში ერთ საათში იწყება პროცესი, სადაც განსასჯელის სკამდე სხედან ჟურნალისტები, ფსიქოლოგები, ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი, მომღერალი და სამოქალაქო აქტივისტი. ცხრა ადამიანს მზია ამაღლობელის საქმის განმხილველი მოსამართლის სახლთან ჩატარებული აქციის გამო სჯიან.
მოქალაქეეები არ გამორიცხავენ 60 დღით დაპატიმრებას, რადგან ოქმები მათ იმ დღეს ჩააბარეს, როცა მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა "ქართული ოცნების" შემუშავებულ ახალ რეპრესიულ კანონებს.
ჩვენ ვიყავით იქ 26-ში. ძალიან სპონტანური შეკრება იყო, იმიტომ, რომ პრაქტიკულად, მე არ ვიცნობდი მონაწილეების ორი წევრის გარდა არცერთს. საჩივარი დაწერეს 6 თებერვალს. 26 იანვრიდან 6 თებერვლამდე იყო ასეთი სასჯელი: სიტყვიერი გაფრთხილება და 15 დღე საკანში და ახლა, ეს გაფრთხილება შეცვალეს 6-ში დილით 5 ათასი ლარით და 60 დღით და საღამოს 17:00 საათზე დაგვირეკეს, რომ გვიბარებენ სასამართლოში. არ ვიცი რას იზამენ, რა სასჯელს გამოიყენებენ, მაგრამ მოლოდინები ძალიან რთულია. თუ გავითვალისწინებთ იმ გამოცდილებას, როგორი ნაცემები არიან ბიჭები... პირველი გამოცდილებაა. რომ დამაკავებენ ალბათ ბევრ გაბრაზებულ სიმღერას ვიმღერებ, - ამბობს მომღერალი ნინო ქათამაძე.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ ე.წ. სასამართლოსგან ყველანაირ განაჩენს ელიან და მზად არიან იმისთვისაც, რომ შესაძლოა, პატიმრობაში გაუშვან.
მივდივარ ქუთაისში, სადაც დღეს ჩემი და ჩემი მეგობრების სასამართლო პროცესია ჩანიშნული. გვასამართლებენ იმის გამო, რომ მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი რომ არ განიხილა მოსამართლე ოქროპირაშვილმა, მის სახლთან შევიკრიბეთ და პროტესტი გამოვხატეთ. როგორც იცით, მზია უკვე 30 დღეა შიმშილობს. მის თავისუფლებისთვის გავაკეთებთ ყველაფერს. მზად ვართ ნებისმიერი სანქციისთვის. იმდენი უდანაშაულო ადამიანი ჰყავთ პოლიტიკური მოტივებით ციხეში მძევლად აყვანილი, რომ არაფერია გამორიცხული. შესაბამისად, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ე.წ. სასამართლომ, ყველაფრისთვის ვართ მზად და ბრძოლას არ შევწყვეტთ, - ამბობს გელა მთივლიშვილი.
ქუთაისის საქალაქო სასმართლოშ პროცესი რამდენიმე საათში იწყება. სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქცია გაიმართება. არავის აქვს მოლოდინი, რომ ადმინისტრაციული წესით პასუხისგებაში მიცემულ ადამიანებს ჯარიმით გაათვაისუფლებენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ "ოცნება" ახლა ადამიანების დაშინებას ცდილობს.