პროტესტი თსუ-ის ეზოში - ფსიქოლოგები და სოციოლოგები მაია ცირამუას და ქეთი ფილაურის მხარდასაჭერად აქციას მართავენ
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან თბილისში - ამ წუთებში თსუ-ის პირველ კორპუსთან მოქალაქები არიან შეკრებილნი, მათ შორის მაია ცირამუას და ქეთი ფილაურის კოლეგები.
ფსიქოლოგებს და ფსიქიატრებს უნივერსიტეტის ეზოში მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით - “პროტესტი კანონიერია, რეჟიმი უკანონო“.
მათი თქმით, სრულიად უსამართლოდ ისჯებიან მათი კოლეგები, რომლებმაც სოლიდარობა გამოუცხადეს რეჟიმის კიდევ ერთ პატიმარს- მზია ამაღლობელს.
ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის, ადამიანი არის უპირველესი ღირებულება და ფასეულობა და როგორც ჩვენი კოლეგები, ასევე ჩვენ, მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი ადამიანის მიმართ, როდესაც ხორციელდება რაიმე უკანონობა, ჩვენ ვალდებულები ვართ ამოვიღოთ ხმა და ვთქვათ ჩვენი სათქმელი. ჩვენ ვდგავართ ადამაინების სამსახურში და ქეთის და მაიას შემთხვევაც იყო ის, რომ შეუძლებელია ამ ქვეყანაში იყო ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და მზია ამღლობელთან დაკავშირებით არ გაგიჩნდეს სოლიდარობა და არ მოგინდეს მხარში დაუდგე და გააპროტესტო ის უკანონობა, რაც ხდება“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.
ისინი მუშაობდნენ ადამიანებთან, რომ აღედგინათ მათში რწმენა და იმედი, რომ ქვეყანა არ არის მხოლოდ მოძალადეებით დასახლებული, შესაბამისად, ამ 2 ადამიანს, რომლებიც მოქმედებდნენ ფსიქოლოგის ეთიკის სტანდარტის მიხედვით, როგორც პასუხისმგებლიანი მოქალაქეები, დღეს ასამართლებენ ღირებულებების და მორალის დაცვის გამო“, - განაცხადა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტთან ფსიქოლოგების და სოციოლოგების საპროტესტო აქცია ამ დრომდე გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ აქციის პარალელურად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მაია ცირამუას, ნინო ქათამაძის, გელა მთივლიშვილის, ვლადიმერ აფხაზავას, ხვიჩა ვაშაყმაძის, ირინა ზარანდიას, ქეთევან ფილაურის, ეკა კუხალაშვილისა და გივი ცინცაძის სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს, რომლებსაც სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავება.