ორმაგ მკვლელობაში ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს - დაკავებულს 20 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

10.02.25 14:48
ორმაგ მკვლელობაში ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს - დაკავებულს 20 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ.

საქმე ეხებოდა 2024 წლის 5 ივნისს, ვარკეთილში მომხდარ მკვლელობას, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ორ პირს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ. 

ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ ბრალდებულსა და მის მეზობლად მცხოვრებ დაზარალებულს, რამდენიმე წლის წინ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე  კონფლიქტი მოუვიდათ.  2024 წლის 5 ივნისს, ბრალდებული ჩაუსაფრდა დაზარალებულს და როდესაც ის  მეგობართან ერთად სახლში აპირებდა შესვლას, ორივეს ჯერ ჩაქუჩით, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით  დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.