მესამე სექტორი პროკურატურას მოუწოდებს, გამოძიება ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით დაიწყოს
დაიწყეთ გამოძიება სახელმწიფოს წინაშე ჩადენილ დანაშაულზე და კონსტიტუციის დარღვევაზე- ასე პასუხობს არასამთავრობო სექტორი პროკურატურის განცხადებას, რომელმაც “ოცნების“ მომხრე ე.წ ექსპერტების მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.
გაბიტაშვილის უწყება, რომელსაც სამი თვის განმავლობაში ადამიანების ცემისა და წამების ფაქტები არ შეუმჩნევია, ახლა ამბობს, რომ კონკრტული პირები ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს აწყობდნენ.
სამოქალაქო საზოგადოება ფიქრობს, რომ თუ ვინმეა გამოკითხვაზე დასაბარებელი ეს პირველ რიგში ქვეყნის არაფორმალური მმართველი ივანიშვილი და მისი ხელქვეითი ირაკლი კობახიძეა, რომელმაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარი თქვა.
ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, რომ იმედია, ამ გამოძიებას იწყებენ ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებული ანტიკონსტიტუციური განცხადების გამო, რომელიც ნამდვილად საბოტაჟს და სახელმწიფო ღალატს წარმოადგენდა, იმედია, პროკურატურა სწორედ ამ ფაქტით დაინტერესდება, ასევე დაინტერესდება იმ 400-ზე მეტი ნაცემი, ნაწამები და ღირსებაშელახული მოქალაქის საქმის გამოძიებით, რომლებიც მათ მიმართ არასათანადო მოპყრობაზე საუბრობენ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ნანა კაკაბაძის, ვატო შაქარაშვილის, ლევან ნიკოლეიშვილის და მათი კიდევ ორი თანამოაზრის განცხადების საფუძველზე პროკურატურამ საბოტაჟის და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით გამოძიება დაიწყო.
ივანიშვილის მომხრე ე. წ. ექსპერტებმა ქვეყნის მთავარ საგამოძიებო უწყებას ორი დღის წინ შეატყობინეს, რომ ქვეყნის ინტერესები საფრთხეშია.
პროკურატურის ინფორმაციით, საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე გამოძიება 8 თებერვალს დაიწყო.