ხურვალეთში დათა ვანიშვილი დაკრძალეს

22.03.21 15:37
ხურვალეთში დათა ვანიშვილი დაკრძალეს

მავთუხლართებს მიღმა, ხურვალეთის ოკუპირებულ სასაფლაოზე დათა ვანიშვილს დაკრძალეს, კაცი, რომელიც ათი წელია, ოკუპაციის სიმბოლოდ იქცა, ვისაც პირადი კომუნიკაცია ჰქონდა მსოფლიო ლიდერებთან, ცნობილ პოლიტიკოსებთან და დიპლომატებთან. დილიდან საოკუპაციო ხაზთან ხალხმრავლობა აღინიშნებოდა. დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებენ პოლიტიკოსები ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდან, სამოქალაქო აქტივისტები და ის მოქალაქეები, ვინც დათა ვანიშვილს უბრალოდ ტელევიზიით იცნობდა. 

დათა ვანიშვილი უკანასკნელ გზაზე საქართველოს ჰიმნითა და დროშით გააცილეს, დაკრძალვაზე მოვიდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც დათა ვანიშვილის პერსონაზე ისაუბრა.

ხშირად მოვდიოდი ხურვალეთში, მომყავდა სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტი, დათა არის საქართველოს დღევანდელი გაუტეხელობის სიმბოლო. სიცოცხლის ბოლო წვეთამდე ის საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოდა - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

დათა ვანიშვილის სახლი 10 წელია, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა. მას შემდეგ დათა პაპა მავთულხლართების გვერდის ავლით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენჯერმე გადმოვიდა, რის გამოც მას ხშირად აპატიმრებდნე და ცხინვალის იზოლიატორში გადაჰყავდათ. დათა ვანიშვილი რუსული ოკუპაციის მსხვერპლის სიმბოლოდ იყო მიჩნეული.