ცნობილია მოსამართლე ციცინო მოსიძის მეუღლის ვინაობა, რომელიც "ოცნების" მხარდაჭერას კარდაკარ ითხოვდა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 9 პირისთვის დაკისრებული ფინანსური სანქცია - ვინ არის მოსამართლე, რომელმაც დღეს მორიგი სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა.
"პირველებმა" მოსამართლე ციცინო მოსიძის მეუღლის ვინაობა დაადგინა, რომელიც სოფელ ზედა დიმში, მერის წარმომადგენელია.
"ტვ პირველის" მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მოსამართლის ქმარი, ეზეკი ჭრელაშვილი აქტიურად იყო ჩართული "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიაში და ოქტომბერში ივანიშვილის გუნდის მხარდაჭერას კარდაკარ ითხოვდა.
"პირველები" ეზეკი ჭრელაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა, თუმცა ჟურნალისტის კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, მოსამართლის მეუღლემ მობილური გათიშა.
ჟურნალისტი: როგორც სოფელ დიმში გვეუბნებიან, არჩევნების დროს თქვენ აქტიურად იყავით ჩართული "ქართული ოცნების" სააგიტაციო სამუშაოებში.
ეზეკი ჭრელაშვილი - რა სამუშაოებში?
ჟურნალისტი: მოსახლეობასთან მიდიოდით, ხვდებოდით, ეუბნებოდით, რომ შემოეხაზათ 41. ანუ, "ქართული ოცნების" სასარგებლოფ არ გიმუშავიათ, ბატონო ეზეკ?
ეზეკი ჭრელაშვილი - ყველაფერი ტყუილია, აღარ მინდა მაგაზე საუბარი.
ცნობისთვის, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ციცინო მოსიძემ მომღერალი ნინო ქათამაძე, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, მასწავლებელი ლადო აფხაზავა, ფსიქოლოგი მაია ცირამუა და 5 პირი სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა.
9 ადამიანის წინააღმდეგ საქმის წარმოება 26 იანვარს, მოსამართლის სახლთან გამართული აქციის გამო დაიწყო. ხალხი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინასწარ პატიმრობაში ჩატოვებას აპროტესტებდა. 26 იანვრის აქცია შინაგანს საქმეთა სამინისტროს 6 თებერვალს გაახსენდა და 9 პირის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.