"არ შეხვიდეთ არანაირ გარიგებაში" - სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საგანგებო განცხადებას აკეთებენ

10.02.25 20:52
"არ შეხვიდეთ არანაირ გარიგებაში" - სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საგანგებო განცხადებას აკეთებენ

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საგანგებო განცხადებას აკეთებენ - უკანონოდ დაკავებული ადამიანების მშობლები ნიკოლოზ ჯავახიშვილის წერილს ეხმაურებიან, რომლითაც რეჟიმის ტყვე იტყობინება, რომ მასთან საპატიმროში ადვოკატი დავით გამყრელიძე შევიდა, რომელიც აღიარებით ჩვენების მიცემას სთხოვდა. 

სინდისის პატიმრის მხარდამჭერები ფაქტს "ქართული ოცნების" მიერ ბინძურ ქმედებად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ მომხდარი უდანაშაულო ადამიანების "დანაშაულებრივ ჩანაფიქრში ჩათრევის" მცდელობაა. 

"ეს პროცესი დე ფაქტო ხელისუფლებას იმისთვის სჭირდება, რომ საზოგადოებას უმტკიცებს, რომ ესენი არ არიან პოლიტიკური პატიმრები და ამათ მიმართ რეალურად არსებობს სისხლის სამართლის საქმეები" - განაცხადეს რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრებმა, რომლებიც უკანონოდ დაკავებულებს მოუწოდებენ, საპროცესო შეთანხმებას ხელი არ მოაწერონ და არანაირ გარიგებაში არ შევიდნენ. 

პოლიტიკური პატიმრებისა და რეჟიმის ტყვიების ოჯახის წევრები ვაცხადებთ შემდეგს, რომ ხელისუფლებას დაწყებული აქვს უბინძურესი პოლიტიკა იმ მიმართულებით, რომ პოლიტიკური პატიმრები ჩაითრიონ ამ ჩანაფიქრში, მიაღწიონ რომელიმე მათგანის აღიარებას. დაუშვან პრეცედენტი, რომ პოლიტიკური პატიმრებისგან არის კატეგორია, რომელიც აღიარებს დანაშაულს და არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები.

ეს პროცესი დე ფაქტო ხელისუფლებას იმისთვის სჭირდება, რომ თავი იმართლოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, ანუ საზოგადოებას უმტკიცებს შიგნითაც და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ესენი არ არიან პოლიტიკური პატიმრები და ამათ მიმართ რეალურად არსებობს სისხლის სამართლის საქმეები.

კატეგორიულად მინდა განვაცხადო, რომ არცერთ საქმეში არ არსებობს სისხლის სამართლის მტკიცებულებები, დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, წინასწარი ორ თვიანი პატიმრობის ვადებიც იმიტომ გაახანგრძლივეს, რომ რაღაც მოეპოვებინათ, მაგრამ ეს შეუძლებელია, რაც არ არსებობს ვერ მოიპოვებ. აქედან გამომდინარე გადაწყვიტეს, რომ აღიარებითი ჩვენებით მიაღწიონ კრიმინალიზაციას ამ ახალგაზრდების და მოცემული პოლიტპატიმრების. ეს არის გადმონაშთი საბჭოთა კავშირიდან. საბჭოთა კავშირში არსებობდა გენერალური პროკურორი, რომელიც აღიარებას მიიჩნევდა მართლმსაჯუების მთვარ ფაქტორად და დედად.

სწორედ ასე უნდათ მათ, ვინაიდან ქვეყანა დღეს მიდის რუსეთისკენ და საბჭოთა კავშირისკენ. საბჭოთა კავშირის დროინდელი მეთოდებით უნდა, რომ გაასამართლონ ეს ბიჭები. მოვუწოდებ პატიმრებს, იყავით მხნედ, მედგრად, ყოჩაღად. ბევრი არ არის დარჩენილი. თქვენთან არის სიმართლე, ღმერთი. თქვენთან არის საქართველოს დიდი უმრავლესობა, საერთაშორისო საზოგადოება. თქვენ არ ხართ დამნაშავეები, თქვენ წელში გამართული, თავაწეული გამოხვალთ და თქვენს გასაკეთებელს გააკეთებთ სამშობლოს გასაბრწყინებლად. გამარჯვებას გისურვებთ," - განაცხადეს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა.

ცნობისთვის, გლდანის ციხეში მოშიმშილე პატიმარი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი იტყობინება, რომ მასთან 7 თებერვალს ადვოკატი, დავით გამყრელიძე შევიდა, რომელიც არწმუნებდა, ეღიარებინა ის დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია. 

ნებართვის გარეშე საპატიმროში შესული ადვოკატი ნიკოლოზ ჯავახიშვილს იმასაც აიძულებდა, რომ ხელი სხვებისთვისაც დაედო. როგორც ჯავახიშვილის მიერ გამოგზავნილი წერილიდან ირკვევა, ადვოკატი მის დარწმუნებას ნახევარი საათის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.