"ოცნებისთვის" ყველაზე პრობლემური უწყვეტი პროტესტია - ეკა გიგაური

"ქართული ოცნებისთვის" ყველაზე პრობლემური უწყვეტი პროტესტია - ასე აფასებს "ტვ პირველის" ეთერში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური რუსთველის გამზირზე პოლიციელების მხრიდან დაკავებების სერიის განახლებას.
მესამე სექტორის წარმომადგენელი "პირველებთან" აცხადებს, რომ მმართველ პარტიას ინსტრუქციები რუსული და ბელორუსული წიგნებიდან აქვს ამოღებული და ამ მეთოდებით ცდილობენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობას.
მათთვის ყველაზე პრობლემური არის უწყვეტი პროტესტი. მასიური დაკავებები იყო. ჯერ პირველი დღეების განმავლობაში ვნახულობდით, როგორ სცემდნენ ადამიანებს, როგორ აკავებდნენ, როგორ აწამებდნენ ადამიანებს. მიუხედავად ამისა ხალხი მაინც აქტიურად მონაწილეობდა აქციებში. ამის შემდეგ, ჩვენ ვნახეთ ეს ნიღბიანი ე.წ. ტიტუშკები, რომლებიც ადამიანებს უსწორდებოდნენ და მოქალაქეები მაინც აქტიურები იყვნენ.
ჩვენ ვიხილეთ გამკაცრებული კანონმდებლობაც და ამანაც არ გააჩერა ქართველი ხალხი. დღეს, ჩვენ, ფაქტობრივად, ვხედავთ, როგორ ცდილობენ წერტილოვნად გაუსწორდნენ ხალს და უზრუნველყონ ის, რომ არ გადაიკეტოს გზა. მზია ამაღლობელის ამბავიც ეს არის. ახალ ეტაპზე გადავიდა ეს ყველაფერი. ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნას აქვს ადგილი. მათ ინსტრუქციები რუსული და ბელორუსული წიგნებიდან აქვთ მიღებული და ამათი ინოვაცია არ არის ეს. მაგრამ ხალხი ამას არ ურიგდება" - ამბობს ეკა გიგაური.
რუსთაველის გამზირზე ხმაური იყო - ადგილზე შეკრებილი ევროპული მომავლის მცველები საავტომობილო გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველები მოქალაქეებს ამის საშუალებას არ აძლევდნენ.
პოლიციელებმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე დაკავებების სერიაც განაახლეს. მათ ხელბორკილები, სავარაუდოდ, ოთხ ადამიანს დაადეს.
დაზუსტებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილია. იგი პოლიციამ დაკავების მანქანაში ძალის გამოყენებით ჩატენა.