"განუკითხაობაა, ყველაფერი ჩვენი დაშინებისთვის და გატეხვისთვის ხდება" - დათა თავაძე

10.02.25 23:04
"განუკითხაობაა, ყველაფერი ჩვენი დაშინებისთვის და გატეხვისთვის ხდება" - დათა თავაძე

რეჟისორი დათა თავაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა - მისი განმარტებით, სამართალდამცველები ყოველდღიურად ცდილობენ, რომ დედაქალაქის მთავარი გამზირი მოქალაქეებმა არ გადაკეტონ.

რეჟისორის თქმით, მიუხედავად საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებისა, ევროპული მომავლის მცველების ერთიანობა არ დაირღვევა და პროტესტის მუხლი არ ჩაკვდება.

დათა თავაძე "პირველებთან" საუბრის დროს რეჟიმის მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონებსაც ეხმაურება და შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს მოქალაქეთა დაშინების მცდელობად აფასებს. 

უფრო და უფრო ცდილობენ, რომ რუსთველი აღარ გადაიკეტოს. პროტესტს რომ მუხტი მოაკლდეს. უნდათ, აჩვენონ, რომ თითქოს არ იკეტება რუსთაველი. არადა რუსთველი იკეტება ყოველდღე, ერთი დღეც არ ყოფილა, რომ არ გადაკეტილიყო რუსთაველი.

გამარჯვება არის ჩვენს ერთობაში, ჩვენს ერთიანობაში. ყველა დაგვიდასტურებს იმას, ვინც ჩემზე უკეთ იცის კანონი, რომ ერთადერთი დაცვა არის ჩვენი ერთად ყოფნა. ყველა ამ დრაკონული კანონის წინაშე, რომელიც მიიღეს, რომელიც სინამდვილეში არის უმძიმესი თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე. ჩვენს წინ ხორციელდება განუკითხაობა კონსტიტუციასთან მიმართულებით. ეს ყველაფერი ჩვენი დაშინებისთვის ხდება და გატეხვისთვის", - დათა თავაძე.

რუსთაველის გამზირზე ხმაური იყო - ადგილზე შეკრებილი ევროპული მომავლის მცველები საავტომობილო გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველები მოქალაქეებს ამის საშუალებას არ აძლევდნენ.  

პოლიციელებმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე დაკავებების სერიაც განაახლეს. მათ ხელბორკილები, სავარაუდოდ, ოთხ ადამიანს დაადეს. 

დაზუსტებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილია. იგი პოლიციამ დაკავების მანქანაში ძალის გამოყენებით ჩატენა.