22 წლის თედო აბრამოვის საქმე - სასამართლოში არსებითი სხდომა მიმდინარეობს

11.02.25 11:51
22 წლის თედო აბრამოვის საქმე - სასამართლოში არსებითი სხდომა მიმდინარეობს

თედო აბრამოვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს - 22 წლის სპორტსმენს რეჟიმი ნარკოდანაშაულში სდებს ბრალს და ციხეში უვადო მუხლით გაშვებას უპირებს.

დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.

სხდომას გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი ესწრება.

თედო აბრამოვი ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის ინგა ჯაბანიშვილის განმარტებით, ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია. უფლებადამცველის თქმით, დაკავების პროცესში დაირღვა ბრალდებულის უფლებებიც. 

დღეს გაიმართება პირველი არსებითი სხდომა თევდორე აბრამოვის საქმეზე. ბრა,დების მხარეს არ ჰყავს არანაირი ნეიტრალური მოწმე, როგორც ფიზიკური. ასევე არ აქვთ ნეიტრალური მტკიცებულება, ფოტო ან აუდიო გადაღება. ასევე ის, რომ თევდორე აბრამოვი დაკავებულია უკანონოდ, ისევე როგორც მისი ჩხრეკა ჩატარებულია უკანონოდ. მისი უფლებები შეილახა მას შემდეგ, რაც იგი გადაიყვანეს საგამოძიებო ორგანოში, მის მიმართ იყო არაადამიანური მოპყრობა. აქციებზე დადიოდა დაკავებამდე რამდენიმე დღე, თუმცა ბრალდების მხარეს ყველანაირი მტკიცებულება ასე ვთქვათ გადამალული აქვს, რაც აქციასთან აკავშირებს. ვიცით ის, რომ პირადი ჩხრეკის დროს იმ მომენტში თან ჰქონდა ისეთი საგნები, აირწინაღი და სათვალე. იმ წუთს სახლიდან იყო ახალი გამოსული და მიდიოდა აქციაზედა შესაბამისად ეს ნივთები, რაც უნდა ასახულიყო პირადი ჩხრეკის ოქმში ყველაფერი ამოღებულია, მაგრამ არსად არ ჩანს, არც პირადი ჩხრეკის ოქმში და საეროდ გამქრალია", - განაცხადა ადვოკატმა.

საქმის პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე კი ამტკიცებს, რომ აბრამოვის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალება 5 გრამამდე „მდმა“ ამოიღეს.

თეთრაძის ქუჩა ნომერი 7 ის მიმდებარედ უკანონოდ ინახავდა 4 გრამი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებას. საქმეზე დანიშნულია ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლის მიღების შემდგე წარდგენილი იქნება სასამართლოში. ოქმში ასახულია აბსოლუტურად, რაც მას ჰქონდა თან მათ შორის მობილური ტელეფონიც დალუქული იქნა. ლუქებზე მან ხელი მოაწერა. ასვე ოქმში ასახულია ყველა გარემოება, რაც ხელის მოწერით მან თავად დაადასტურა. ვიდეო გადაღებას, რაც შეეხება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. თავად, მითითებული ოქმში, რომ წინააღმდეგობის გაწევის პირობებში მოხდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და იმ მომენტში, როცა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედების ჩატარება უწევდა წინააღმდეგობას. იყო 3 პოლიციის თანამშრომელი და ვერ შეძლეს გადაღება მოეხდინათ" - ამბობს პროკურორი.

ცნობისთვის, თედო აბრამოვი 7 დეკემბერს სამართალდამცავებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა.

თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.