ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ...ამ ქმედებებს სერიოზული შედეგები აქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე - ევროკომისიის პრესსპიკერი "ოცნებას"
ევროკავშირი მკაცრად გმობს ნებისმიერ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, რომლებიც იცავენ თავიანთ დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს. ხელისუფლების ამ ქმედებებს სერიოზული შედეგები აქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე - ამის შესახებ ევროკომისიის პრეს-სპიკერი გაფართოების, საერთაშორისო პარტნიორობისა და ხმელთაშუა ზღვის საკითხებში, გილიომ მერსიე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მერსიე ივანიშვილის ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მკაფიო და მნიშვნელოვან ნაბიჯებს ელიან.
"თავი უნდა შეიკავონ მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსების ან მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან" - ამბობს ევროკომისიის პრესსპიკერი "
"საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს ხელისუფლების ხელშია. ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა იმ შემთხვევაში, თუ საქართველომ კურსი შეცვალა და ევროპულ გზას განაახლებს. ევროკავშირის მიდგომა საქართველოს მიმართ ყოველთვის იყო ღია და დამსახურებაზე დაფუძნებული. ჩვენ მკაფიოდ და არაერთხელ ვაცნობეთ ჩვენი რეკომენდაციები და შეშფოთება საქართველოს ხელისუფლებას.
ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არ განაგრძოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე. ეს განცხადება წარმოადგენს მნიშვნელოვან გადახვევას საქართველოს წინა მთავრობების პოლიტიკიდან და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებიდან, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება 2024 წლის ივნისში. გარდა ამისა, ევროკავშირის ფინანსური დახმარება საქართველოს ხელისუფლებისთვის ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირი მკაცრად გმობს ნებისმიერ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, რომლებიც იცავენ თავიანთ დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს. ხელისუფლების ამ ქმედებებს სერიოზული შედეგები აქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას. მათ თავი უნდა შეიკავონ მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსების ან მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი სრულად უნდა იყოს გამოძიებული და პასუხისმგებელი პირები შესაბამის პასუხისმგებლობაში უნდა მიეცნენ".