ერთი ძალოვანიც კი არ დასჯილა, სად არის კანონი ყველასთვის ერთი? - ირმა სოხაძე

11.02.25 13:39
ერთი ძალოვანიც კი არ დასჯილა, სად არის კანონი ყველასთვის ერთი? - ირმა სოხაძე

მომღერალი ირმა სოხაძე ქვეყანაში განვითარებულ მძიმე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრობს და ამბობს, რომ მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებაა ქუჩაში გამოსვლა და კონსტიტუციის დაცვის მოთხოვნა.

მომღერალი,  "ქართული ოცნებას" ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ "კანონი ყველასთვის ერთი არ არის".

მისი თქმით, არცერთი სამართალდამცავი, რომელიც სასტიკი მეთოდებით უსწორდება პროევროპულ აქციის მონაწილეებს არ არის გამოკითხვაზე დაბარებული არა თუ დასჯილი ამის პარალელურად კი, აქტივისტებს ყოველდღიურად ასამართლებენ. 

მინდა ჩემი აღშფოთება გამოვთქვა იმ ადამიანების, იმ მეგობრების, ძალიან ახლობელი, რომ მგონია იმ ხალხის მიმართ, ვინ არ არის აღშფოთებული დღეს და ამბობს აბა როგორ, კანონი ყველასთვის ერთიაო, სად არის კანონი ყველასთვის ერთი. ერთი სამაგალითოდ მაინც, რომელიმე ძალოვანი არ დაკითხულა, არა თუ დასჯილა, ამიტომ კანონი სამწუხაროდ არ არის ყველასთვის ერთი.

ეს არის მთავარი პრეტენზია, რაც აქვს ამ ხალხს. მეტსაც გეტყვით, კონსტიტუციური უფლებაა ამ ადამიანების ქუჩაში გამოსვლა და კონსტიტუციის დაცვის მოთხოვნაა. 78-ე მუხლი დავიცვათო სთხოვეს ხელისუფლებას, რომელსაც ვითომ იგივე უნდოდა და ღირსებით შედიოდა ევროპაში. სად არის ლოგიკა, მე თუ იგივე მინდა, რაც თქვენ, მაშინ რატომ უნდა მცემო, რატომ უნდა დამიჭირო, მომწამლო და ძვალ რბილი გამიერთიანო", - ამბობს ირმა სოხაძე.

შსს-ს ინფორმაციით, 10 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვისას 4 პირი დააკავეს, საიდანაც ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ხელწერილით გაათავისუფლეს "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი, რომელსაც პარლამენტის მანდატი აქვს და იმუნიტეტი იცავს და კიდევ ერთი ადამიანი. ამ დრომდე პატიმრობაში რჩება ორი პირი. 

აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.