კესარია აბრამიძის მკვლელობა - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია, საქმეში დევს აუდიოჩანაწერიც

11.02.25 13:55
კესარია აბრამიძის მკვლელობა - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია, საქმეში დევს აუდიოჩანაწერიც

კესარია აბრამიძის მკვლელობა - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია. ექსპერტიზით ირკვევა, რომ 37 წლის ტრანსგენდერ ქალს, კესარია აბრამიძეს ბექა ჯაიანმა დანით 28 ჭრილობა მიაყენა.

საქმის პროკურორის თქმით, ყველა ჭრილობა, რაც ჯაიანმა აბრამიძეს მიაყენა, სიცოცხლის დროინდელია.

ამასთან, პროკურორის თქმით, საქმეში აუდიოჩანაწერი არსებობს, სადაც ბექა ჯაიანი მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს უყვება, „როცა მას კესარია აბრამიძე გაანაწყენებდა, თუ როგორ აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას“.

“დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ბექა ჯაიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დამატებითი მტკიცებულების სახით წარადგინა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ბექა ჯაიანმა კესარია აბრამიძეს 28 ჭრილობა, დანის გამოყენებით მიაყენა. სწორედ მიყენებული ჭრილობები არის გარდაცვალების უშუალო მიზეზი. ყველა ჭრილობა სიცოცხლის დროინდელია, სწორედ სისხლნაკლებობამ და მიყენებული ჭრილობების რაოდენობამ გამოიწვია კესარია აბრამიძის გარდაცვალება. წარმოდგენილი მტკიცებულება დაცვის მხარემ სადავოდ მიიჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტი დაიკითხება. 

მოწმეთა ჩვენებებში პირდაპირ არის მითითებული იმ გარემოების შესახებ, რომ კესარია აბრამიძე მათ სამეგობროს, ოჯახის წევრებს ესაუბრებოდა, ბექა ჯაიანის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკური ძალადობრივი ქმედებების შესახებ. უფრო მეტიც, არსებობს აუდიოჩანაწერი, სადაც ბექა ჯაიანი მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს ესაუბრება იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ის გააბრაზებდა, გაანაწყენებდა, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, ეს ჩანაწერი საქმეში დადასტურებულია ფონეიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, რომ ნამდვილად ბექა ჯაიანის ხმაა. ასევე არსებობს მეზობლების გამოკითხვის ოქმები, რომლებიც შესწრებიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, თუ როგორ ხორციელდებოდა ჯაიანის მხრიდან კესარია აბრამიძის მიმართ ძალადობრივი ქმედებები. რაც შეეხება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას, ამას დაცვის მხარე არ აღიარებს, თუმცა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში, 28 ჭრილობა, რომელიც სიცოცხლის დროინდელია, დამდგარ სიკვდილთან პირდაპირ კავშირშია“, - განაცხადა ნიშნიანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში 18 სექტემბერს მოკლეს. მას სხეულზე დანით 28 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი პარტნიორი ბექა ჯაიანია დაკავებული. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ბექა ჯაიანი პატიმრობაში გასული წლის 23 დეკემბერს დატოვა.

იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ჯაიანს პროკურატურამ ბრალი დაუზუსტა და კაცს ბრალი 126-ე მუხლით წარედგინა, რაც გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს.