ჩიკვაიძე ირაკლი შოთაძის გამოკითხვას ითხოვს - ბიზნესმენი აუდიოჩანაწერის გასაჯაროებას აანონსებს

11.02.25 15:22
ჩიკვაიძე ირაკლი შოთაძის გამოკითხვას ითხოვს - ბიზნესმენი აუდიოჩანაწერის გასაჯაროებას აანონსებს

გიორგი ჩიკვაიძის საქმის არსებითი განხილვა დღეს შუამდგომლობების განხილვით გაგრძელდა. ბიზნესმენმა, რომელმაც ოლიგარქი და მისი ოჯახი რეკეტში, პროკურატურა კი საქმეების შეკერვაში მტკიცებულებებით დაადანაშაულა, პროცესზე დღეს რამდენიმე  შუამდგომლობა დააყენა, ითხოვდა ექსპროკურორის, ირაკალი შოთაძის გამოკითხვასაც, რომელიც მისი მტკიცებით, საქმის ფალსიფიცირებაში მონაწილეობდა.

ჩიკვაიძემ ასევე დღეს ისაუბრა აუდიო ჩანაწერზე, რომელიც მისი თქმით ყველაფერს ფარდას ახდის და მოსამართლეს უთხრა, რომ ჩანაწერს სავარაუდოდ, დღეს მთელი საზოგადოება მოისმენს.

დღეს, ვაყენებთ შუამდგომლობას კვლავ ირაკლი შოთაძის აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით. ვითხოვთ, ირაკლი შოთაძის დაკითხვას, რაც პირდაპირ პროპორციული იქნება ამ აუდიო ჩანაწერის განხილვაში. რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩემი ღრმა რწმენით ჩვენი საქმის სრულ აბსურდულობას, როგორ მოხდა სამოქალაქოდან  სისხლის სამართალში გადატანა, ვინ შეკერა ეს საქმე, ვისი ინიციატივა იყო და რატომ წამოიღეს აჭარიდან ეს საქმე და როგორ მოხდა თბილისის 90 -იანი წლების ფინანსთა პოლიციაში.
ირაკლი შოთაძის დაკითხვას რა უდგას წინ. ეს ჩანაწერი ერთ-ერთი ნაწილია, მე მასთან კითხვები კიდევ ბევრი მაქვს. მინდა რომ თქვენ (მოსამართლე) იყოთ ამის ხელმძღვანელი.

მოსამართლე: როდის გაგიჩნდათ ეს კითხვები?
ჩიკვაიძე: მას შემდეგ, რაც ჩანაწერი მოხდა ჩემს ხელში
მოსამართლე: როდის მოხდა ჩანაწერი თქვენს ხელში?

ჩიკვაიძე: ახლახანს

ჩიკვაიძე: გავაკეთოთ ასეთი რაღაც. დღეს, საჯაროს გავხდი მე ამ ჩანაწერს. მთელმა საზოგადოებამ მოისმინოს და შემდეგ სასამართლოზე წარმოვადგენ უკვე მოთხოვნას მისი დაკითხვის თაობაზე.

მოსამართლე: კი ბატონო, მაგრამ საჯაროს თუ გახდით, ამას ვერ გაუგებს პროკურატურა?

ჩიკვაიძე: არა მერე უბრალოდ ყველას ეცოდინება და მანამდე მათ შანსი რჩებათ, რომ იმოქმედონ და მილიონ გზას მიმართონ. თქვენ ახლა ხელმძღვანელობთ შეკერილ საქმეს არ დაგავიწყდეთ ქალბატონო იზა.

ბიზნესმენის მეორე შუამდგომლობა "ივანიშვილის ძმის ხელის ბიზნესმენის" ელგუჯა თურმანიძის გამოკითხვას და მასთან დაკავშირებულ აუდიო ჩანაწერს ეხებოდა: 

მეორე შუამდგომლობა გახლავთ ჩემი და ელგუჯა თურმანიძის სატელეფონო აუდიო ჩანაწერი. ელგუჯა თურმანიძე ინტენსიურად ახორციელებდა, როდესაც მან იცოდა რა ვალდებულებაც ჩვენ მის წინაშე გვქონდა და ორ დღეში თანხა უნდა მიგვეწოდებინა. გამოარკვია წყარო, საიდანაც ეს თანხა უნდა მიგვეღო, მივიდა იმ ადამიანებთან და უთხრა, რომ ეს თანხა თქვენო მაგან მოგიგოთო და არ მისცეთო ამხელა მოგებაზე გავიდაო.

რაც შეეხება მესამე შუამდგომლობას, ჩიკვაიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ აუცილებელია საქმეს ვიდეო-მტკიცებულებები უნდა დაერთოს.

მესამე შუამდგომლობა შეეხება საგამოძიებო ნაწილს. მაგალითად თქვენ არაერთხელ გაგჩენიათ ჩვენთან ასეთი კომენტარი, რომ აქამდე რატომ არ დააყენეთ. აქამდე ვერ დავაყენებდით ბევრ რაღაცას, იმიტომ რომ გამოძიების პროცესში ჩვენზე ხორციელდებოდა საკმაოდ სოლიდური ზეწოლა. რისი ამსახველი ვიდეო მასალაც ჩვენ გვაქვს. აქამდე, არ წარმოგვიდგენია, იმიტომ რომ ლეპტოპი აღვადგინეთ და ეს მასალები ახლა გახდა ჩემთვის ხელმისაწვდომი. ეს მინდა იყოს საქმეში ჩადებული, იმის პროპორციულად და საპირწონედ თუ რატომ შეიძლებოდა ჩვენ თავის დროზე არ გვეთხოვა და დაგვეყენებინა მეტი შუამდგომლობები. ეს ვიდეო ჩანაწერი და ჩვენზე ზეწოლა, მათ შორის კაბინეტში, გამომძიებელთან ვიდეო ჩანაწერებზეა საუბარი, ამას ახლა ფლეშკაზე მაქვს, ამასაც დისკზე დაგიტოვებთ და ესეც მინდა, რომ იყოს გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი ბიზნესის რეკეტში მისმა ყოფილმა მხარდამჭერმა გიორგი ჩიკვაძემ "რეაქციაში" ამხილა. ჩიკვაიძემ გადაცემა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის მოგზავნილი კაცი ნარკოტიკებს და ფულის გათეთრებას სთავაზობდა.

ჩიკვაიძე, რომელიც 12 წლის განმავლობაში, ივანიშვილის გუნდის მხარდამჭერი  იყო, ამტკიცებს, რომ მისი ტერორი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2022 წელს ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე უარი თქვა.