მეწყერსაშიშ ფერდობზე გერმანელი ექსპერტები მუშაობენ

22.03.21 15:55
მეწყერსაშიშ ფერდობზე გერმანელი ექსპერტები მუშაობენ

ლისის ქედზე, სადაც მეწყრული პროცესებია დაწყებული, გერმანელი ექსპერტები უკვე მუშაობენ. უცხოელი სპეციალისტები შექმნილ ვითარებას  ადგილზე ეცნობიან. ფერდობზე არსებული ნაპრალების მასშტაბსა და მეწყერის შეჩერების მექანიზმზე პირველად დასკვნას ისინი სავარაუდოდ, ხვალ დადებენ. 

ადგილზე იმყოფებიან ქართველი სპეციალისტებიც, რომლებიც უკვე მე-5 დღეა მიმდინარე პროცესს აქტიურად აკვირდებიან. მათი თქმით, მეწყერი მოძრაობაშია მოსული და ნებისმიერი ვიბრაცია შესაძლოა, მიწის დაძვრის მაპროვოცირებელი აღმოჩნდეს.  ამ მიზეზით გეოლოგები ქედთან ახლოს საგზაო სამუშაოების შეჩერების  და ადგილიდან მძიმე ტექნიკის გაყვანის აუცილებლობაზე საუბრობენ. 

ეს არის მოძრაობაში მოსული მეწყერი, დინამიკაშ მოსული მეწყერი. აუცილებლად იქნება ქვათაცვენა. ყველანაირი ტექნიკა უნდა გაჩერდეს, ეს  არის ცალსახად ყველა აზრი, ვისაც მეწყერულ პროცესებთან შეხება ჰქონია. ნებისმიერი ვიბრაცია არის პრობლემა, - ამბობს გელოგი, თეა გოდოლაძე. 

დედაქალაქის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი, საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შეჩერების საფუძველს ვერ ხედავს. 

უშუალოდ იმ არეალში და მის მიმდებარედ თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რა მიმართულებით შეიძ₾ება ეს მეწყერული პროცესები განვითარდეს, ამ არეალში მოსახლეობა არ ცხოვრობს. რაც შეეხება საგზაო სამუშაოებს, ამისი საფუძველი რაიმე ფორმით არ არსებობს, რომ აქ საგზაო სამუშაოები გაჩერდეს. დღეს გვეცოდინება დეტალური პირველადი ინფორმაცია, რასთან გვაქვს საქმე და რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს, - ამბობს ბენდელიანი.