"თუ ჩვენმა პროტესტმა შედეგი არ გამოიღო, შეუძლებელი გახდება ადამიანობა" - ამაღლობელი

12.02.25 23:30
"თუ ჩვენმა პროტესტმა შედეგი არ გამოიღო, შეუძლებელი გახდება ადამიანობა" - ამაღლობელი

"თუ ჩვენმა პროტესტმა შედეგი არ გამოიღო, შეუძლებელი გახდება ადამიანობა, მოხდება სრული დეჰუმანიზაცია" - ამის შესახებ პოეტმა რატი ამაღლობელმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისივე შეფასებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, რომლებიც რეჟიმის ტყვეობაში არიან მოქცეულნი, დეჰუმანიზაციის ნათელ სახეს აჩვენებენ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საპოლიციო ძალების მიერ სისასტიკის მსხვერპლად ქცეულ მოქალაქეებს არაადამიანურად ესაუბრებიან. 

ის, რასაც რუსული რეჟიმი აკეთებს ქვეყანაში, თითოეულ ადამიანს ეხება. ვიღაცას შეიძლება აბსტრაქტული ფრაზა ეგონოს სიტყვის თავისუფლება. მე ვიტყვი, რომ თუ ჩვენმა პროტესტმა შედეგი არ გამოიღო, რაც სრულიად შეუძლებელი და წარმოუდგენელია, შეუძლებელი გახდება ადამიანობა. კონკრეტულად, მოხდება სრული დეჰუმანიზაცია. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის გუშინ გურამ როგავას სიუჟეტის ყურება. რაც არ უნდა მოწინააღმდეგესთან გვქონდეს საქმე, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა ადამიანობა შეინარჩუნონ. სრული დეჰუმანიზაცია ვნახეთ გუშინ, როდესაც ყველაზე ბაზისური უნარჩვევები ეკარგებათ ადამიანებს, რომლებიც რეჟიმის ტყვეობაში არიან მოქცეულნი", - განაცხადა რატი ამაღლობელმა. 

ცნობისთვის, ერთპარტიული პარლამენტის ე.წ. დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტზე, გურამ როგავაზე სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ განხორციელებული თავდასხმა "პატარა ინციდენტად" შერაცხა.