აუცილებელია, ყველა ექიმი 15 თებერვალს ევროპის მოედანზე გამოცხადდეს - მედიკოსების ბრიფინგი

13.02.25 19:37
აუცილებელია, ყველა ექიმი 15 თებერვალს ევროპის მოედანზე გამოცხადდეს - მედიკოსების ბრიფინგი

საქართველოს მასშტაბით 15 თებერვალს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს - მედიკოსებმა საკუთარ კოლეგებს დემონსტრაციაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს. 

"აუცილებლად უნდა გამოვფხიზლდეთ. ჩვენ უნდა ვიდგეთ სწორ მხარს" - განაცხადეს მოქალაქეებმა, რომლებმაც "ქართულ ოცნებას" ორი მთავარი სახალხო მოთხოვნა წაუყენეს.

ჩვენი ბრიფინგი არის ინფორმაციული, შეეხება იმ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც იგეგმება 15 თებერვალს, ევროპის მოედანზე, 18:00 საათზე. მე მოვუწოდებ თითოეულ ჩემ კოლეგას, სამედიცინო საზოგადოებას, რომ აუცილებლად უნდა გამოვფხიზლდეთ. ჩვენ უნდა ვიდგეთ საქართველოს სწორ მხარს, ქართველ მოსახლეობასთან ერთად იმისათვის, რომ მივიღოთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე პასუხი, რომელიც დგას საქართველოში. ქვეყანა კრიზისშია შესული, ფაქტობრივად.

მნიშვნელოვანია ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომლებიც ე.წ. სახელმწიფოს ტყვეობაში იმყოფებიან. შესაბამისად, ყველა ექიმისთვის, რომელთა ვალდებულებაც არის ადამიანების კეთილდღეობა, აუცილებელი არის 15 თებერვალს ევროპის მოედანზე გამოცხადება. ჩვენ გვაქვს მრავალი პეტიცია დაწერილი, რომელსაც ხელს აწერს ათასზე მეტი ექიმი და 18 სამედიცინო ასოციაცია, რომელიც ქართველი ხალხის გვერდით ამ ბრძოლაში დგას", - განაცხადეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა. 

15 თებერვალს, 18:00 საათზე, თბილისში, ევროპის მოედანზე ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება. მომიტინგეების მოთხოვნა უცვლელია - პროევროპულ აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. რუსული დიქტატურის წინააღმდეგ დაანონსებულ აქციებს ემიგრანტებიც შეუერთდებიან.