"ივანიშვილისგან შემოთავაზებები მქონდა" - "კაბელების საქმის" მოსამართლის შემდეგ რეჟიმს კიდევ ერთი მოსამართლე ამხელს

14.02.25 11:17
"ივანიშვილისგან შემოთავაზებები მქონდა" - "კაბელების საქმის" მოსამართლის შემდეგ რეჟიმს კიდევ ერთი მოსამართლე ამხელს

"კაბელების საქმის" მოსამართლის შემდეგ რეჟიმს სხვა მოსამართლეების ამხელენ. უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე "პირველებთან" საუბარში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი შუამავლის მეშვეობით მის სამოსამართლეო უფლებამოსილებაში ჩარევასაც ცდილობდა. მისი თქმით, იყო შეთავაზება, რომ თუკი ოლიგარქის ინტერესებთან შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებდა, დასაჩუქრდება.

ალავიძე საუბრობს ოთარ ფაცრხალაძესთან დაკავშირებითაც. 

ახსენა ფარცხალაძე. ეს პირებიც ჩემთვის ნაცნობები არიან. ანუ არიან ის პირები, ვინც ჩემს მიმართ განხორციელებულ სამოსამართლო საქმიანობაში ჩარევის ეპიზოდებთან დაკავშირებით ფიგურირებენ. დავალება მოდიოდა, მათი გადმოცემით, „ქართული ოცნებიდან“ და მოდიოდა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებიდან გამომდინარე. სხვათაშორის, როდესაც მე ვიყავი უზენაეს სასამართლოში, ორჯერ მქონდა შემოთავაზება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, თუ მე, მაგალითად, რაღაც გადაწყვეტილებებს მივიღებდი, გარანტირებულად, ისევე როგორც დავით ჯუღელმა თქვა ეს, გამიგრძელებდნენ სამოსამართლო უფლებამოსილების ვადას და დავრჩებოდი სასამართლოში. შემომითვალეს ისევ შუამავლის მეშვეობით, რომ თუ რაღაც გადაწყვეტილებას მივიღებდი, მოკლედ, საჩუქარს მივიღებდი. ეს იყო ძირადღირებული ნივთი, - ამბობს ალავიძე. 

“კაბელების საქმის“ მოსამართლე, დავით ჯუღელი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ამხელს - როგორც მან  ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" თქვა, საქმის მოგვარებაში უშუალოდ სასამართლოს მაღალჩინოსანი მონაწილეობდა, რომელიც მითითებებს შუშის სასახლიდან იღებდა.

ყოფილი მოსამართლის თქმით, ამ შემთხვევაში მუქარას ადგილი არ ჰქონია, საუბარი იყო ფინანსურ შეთავაზებაზე, რომელიც მისი თანხმობის შემთხვევაში,“იმ წამსვე გაჩნდებოდა მის ანგარიშზე.“