პროტესტის 79-ე დღე - დღევანდელი აქცია სინდისის პატიმარ ზვიად ცეცხლაძეს მიეძღვნება

14.02.25 11:35
პროტესტის 79-ე დღე - დღევანდელი აქცია სინდისის პატიმარ ზვიად ცეცხლაძეს მიეძღვნება

პროტესტის 79-ე საღამო სინდისის პატიმარ ზვიად ცეცხლაძეს მიეძღვნება. თავისუფლებისთვის მებრძოლი სტუდენტის მხარდამჭერი აქცია საღამოს 19:00 საათზე დაიწყება.

დღევანდელი შეკრების ადგილიც სიმბოლურად შეირჩა. მოქალაქეები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან დაიძრებიან და ცენტრრალური ქუჩების გავლით მათი საბოლოო გაჩერება რუსთაველის გამზირი იქნება. ხალხი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. დღეს ქუჩაში ტრადიციულად იდგებიან უკანონო პატიმრების ოჯახის წევრები, მეგობრები და მათი იდეური თანამებრძოლები.

რეჟიმის პატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამა ამბობს, რომ ახლა უსამართლოდ დაკავებული ახალგაზრდების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ტელევიზორით უყურებენ, რა ხდება გარეთ და ამით ბრძოლის ჟინი უფრო უმტკიცდებათ. 

ხალხი არის იმედი და სწორედ ხალხის რაოდენობა ქმნის იმედს და მომავლის ბრძოლის საფუძველს. იმ ბიჭებს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ. ყველა აქცია მნიშვნელოვანია. ისინი იქ უყურებენ ტელევიზორში და იმედი და მომავლისთვის ბრძოლის ჟინი კიდევ უფრო უმტკიცდებათ. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებული: მარშები, მანიფესტაციები, ხალხმრავალი მიტინგები, სიტყვით გამოსვლები, მოწოდებები, მიმართები, გამხნევებები ამ ყველაფერმა ერთობლივ კონტექსტშტი ძალიან დიდ გამარჯვებამდე უნდა მიგვიყვანოს, რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, - ამბობს ზურა ცეცხლაძე. 

პატიმრების გამხნევების მნიშვნელობაზე საუბრობს სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის დედაც.  

ეს არის ამ ბიჭებისთვის დიდი ძალის მიცემა, უდიდესი გვერდში დგომა და ისინი მხნედ არიან იქ, მე ვფიქრობ, ამ სიტუაციიდან გამომდინარე. თუნდაც ყოველ პარასკევს ამხელა მარში რომ ტარდება, ეს უკვე მაგათი გამარჯვებაა და ეს ბიჭები, ყველა, უკვე გამარჯვებულები არიან, მათ შორის, ქალბატონი მზიაც გამარჯვებულია, ჯანმრთელობას ვუსურვებ. ბატონ ქათამაძესაც ჯანმრთელობას ვუსურვებ და ცეცხლი ოლიგარქიას! ჩვენ გავიმარჯვებთ!, - ამბობს საბა სხვიტარიძის დედა.