"თუკი ჩვენ გავჩერდებით, ქვეყანა გაჩერდება - სისტემა უნდა გადავწვათ, გადავღალოთ" - ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები აქციას უერთდებიან

14.02.25 13:05
"თუკი ჩვენ გავჩერდებით, ქვეყანა გაჩერდება - სისტემა უნდა გადავწვათ, გადავღალოთ" - ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები აქციას უერთდებიან

ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები რუსული დიქტატურის წინააღმდეგ დაანონსებულ აქციას უერთდებიან - 15 თებერვალს, 18:00 საათზე, ევროპის მოედანზე ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგ კულტურის სფეროს წარმომადგენლები მთავარი გზავნილებით მივლენ.

ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება ის მოთხოვნებია, რომლებსაც მწერლები, გამომცემლები, მთარგმნელები, აქტორები ხვალ, მასშტაბურ დემონსტრაციაზე გააჟღერებენ.

"უნდა ვიყოთ ბევრი, რადგან სისტემა გადავწვათ, გადავღალოთ, გადავამტვრიოთ. არ უნდა გავჩერდეთ. თუკი ჩვენ გავჩერდებით, ქვეყანა გაჩერდება" - განაცხადეს ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებმა ბრიფინგზე. 

გვინდა შევუერთდეთ ჩვენი ასობით და ათასობით თანამოქალაქის პროტესტს, რომელიც მერამდენე დღეა, მერამდენე თვეა მიდის ჩვენს ქვეყანაში. ცხადია, ლიტერატურის სფერო ამას აუცილებლად შეუერთდება. მწერლები, გამომცემლები, მთარგმნელები, აქტორები, ყოველთვის იყვნენ ამ პროცესებში ჩართულნი და ახლაც არ არის გამონაკლისი.

ქვეყანაში არის სერიოზული კრიზისი. ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაუქმებული არის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. მოგეხსენებათ, ხვალ არის დიდი შეკრება. უნდა ვიყოთ ბევრი, რადგან სისტემა გადავწვათ, გადავღალოთ, გადავამტვრიოთ. სხვა გზა არ არსებობს. არ უნდა გავჩერდეთ. თუკი ჩვენ გავჩერდებით, ქვეყანა გაჩერდება.

შეუძლებელია, რომ პენცენტრი იყოს ჩუმად, როცა ჩვენი კოლეგები არიან სატუსაღოში. ჩვენ კონკრეტულად ორ ადამიანს დავასახელებთ, პირველ რიგში, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად ვართ შეკრებილები და აფგან სადიგოვი, ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგა უმძიმეს მდგომარეობაშია და ჩვენი სახელმწიფო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს. ამ ორი ადამიანის სახელით გვინდა, რომ ყველა იმ ადამიანს გამოვუცხადოთ სოლიდარობა, რომლებიც პროფესიულად არიან შევიწროებულები", - განაცხადეს ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებმა. 

15 თებერვალს, 18:00 საათზე, თბილისში, ევროპის მოედანზე ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება. მომიტინგეების მოთხოვნა უცვლელია - პროევროპულ აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. რუსული დიქტატურის წინააღმდეგ დაანონსებულ აქციებს ემიგრანტებიც შეუერთდებიან.