მიუნხენის კონფერენციაზე "ოცნების" არ ყოფნა გამოხატავს იმას, რომ მათ ხელისუფლებას ლეგიტიმაციას არავინ აძლევს - ლილუაშვილი
"მიუნხენის კონფერენციაზე "ოცნების" არ ყოფნა გამოხატავს იმას, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას ლეგიტიმაციას არავინ აძლევს" - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, "მიუხედავად "ოცნების" უვარგისობისა", უსაფრთხოების კონფერენციაზე ქართველი ხალხის ინტერესები, საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის თაობაზე, დაცული იქნება.
"ქართული ოცნების" არცერთი წარმომადგენელი ამ კონფერენციაზე არ არის, რაც კიდევ ერთხელ გამოხატავს იმას, რომ არავინ, მათ შორის, უსაფრთხოების ეკოსისტემიდან, "ოცნების" ხელისუფლებას ლეგიტიმაციას არ აძლევს. ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ მიუხედავად "ოცნების" უვარგისობისა, ქართველი ხალხის ინტერესები, როგორც ხელახალი არჩევნების დანიშვნის, ასევე რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის და საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის თვალსაზრისით, დაცული იქნება უსაფრთხოების კონფერენციაზე", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია იხსნება - კონფერენციას, რომელსაც გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გახსნის, სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით წარმომადგენელი დაესწრება.
სამხრეთ კავკასიიდან კონფერენციას სომხეთის და აზერბაიჯანის პირველი პირებიც დაესწრებიან და კონფერენციაში მონაწილეობას ამერიკის დელეგაციაც მიიღებს.
სამ-დღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დებატები მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე. ამასთან, საყურადღებოა, რომ პანელური დისკუსია საქართველოსაც დაეთმობა, რომელიც ცალკე დღის წესრიგში ჩასვეს.
საერთაშორისო დონის კონფერენციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც დაესწრება. საქართველოს პრეზიდენტს არა მხოლოდ ორმხრივი შეხვედრები ექნება, არამედ ის პანელურ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა თბილისის დროით 23:00 საათის შემდეგ არის დაგეგმილი.
მიუნხენის კონფერენციაზე არ მიიწვიეს "ქართული ოცნების" რეჟიმის არც ერთი წარმომადგენელი. საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა ამ ღონისძიებაზე არ დაპატიჟეს.
საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმია მოქცეული, სალომე ზურაბიშვილი რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად, რომელსაც დასავლური სამყარო აღიარებს.