"არ ვურიგდებით მოქალაქეების წამებას და დრაკონულ კანონებს" - მესამე სექტორი ხვალინდელ აქციას უერთდება
15 თებერვალს, 18:00 საათზე, ევროპის მოედანზე დაანონსებულ საპროტესტო აქციას მესამე სექტორის წარმომადგენლებიც უერთდებიან - ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ივანიშვილის რეჟიმს საკუთარ ხმას კიდევ ერთხელ გააგონებენ.
მესამე სექტორის წარმომადგენლები ხვალ კიდევ ერთხელ ეტყვიან უარს რუსულ ავტორიტარიზმს, დრაკონულ კანონებს და ანტიკონსტიტუციურ ცვლილებებს, რომელიც "ქართული ოცნების" პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო.
18:00 საათზე, ევროპის მოედნიდან გაემართება მარში თავისუფლების მოედნამდე. ამ მარშის მიზანია, რომ კიდევ ერთხელ ჩვენ ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ არ ვურიგდებით იმ დიქტატორულ რეჟიმს, რომელიც ჩამოაყალიბეს. არ ვურიგდებით წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, დრაკონულ კანონებს. ჩვენ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვიქნებით ევროპის მოედანზე. მმართველ პარტიას ვეტყვით, რომ არ გვეშინია და ბრძოლას გავაგრძელებთ.
"ქართულმა ოცნებამ" მიიღო ანტიკონსტიტუციური ცვლილებები. რეალურად, ამ ცვლილებებით შეიძლება ითქვას, რომ შეკრებისა და გამოხატვის უფლებები თითქმის აიკრძალა. თუმცა ეს ჩვენ ვერ შეგვაშინებს, რადგან ყველა ამ ქმედების მიზეზი არის ტერორი, რომ შეშინდეს საზოგადოება, აღარ ისარგებლონ კონსტიტუციური უფლებებით. ამიტომ დღეს მნიშვნელოვანია ერთსულოვნება, სოლიდარობა, ერთობა. ხვალ ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გავივლით ერთად მარშს, რადგან უარი ვუთხრათ რუსულ ავტორიტარიზმს, მხარი დავუჭიროთ რეჟიმის პატიმრებს". - განაცხადეს მესამე სექტორის წარმომადგენლებმა.
15 თებერვალს, 18:00 საათზე, თბილისში, ევროპის მოედანზე ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება. მომიტინგეების მოთხოვნა უცვლელია - პროევროპულ აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. რუსული დიქტატურის წინააღმდეგ დაანონსებულ აქციებს ემიგრანტებიც შეუერთდებიან.