ყველა შემთხვევაში, პასუხისმგებელია აჭარის ადგილობრივი ხელისუფლება - ბესიკ დონაძე ბათუმის ტრაგედიაზე

16.02.25 13:21
ყველა შემთხვევაში, პასუხისმგებელია აჭარის ადგილობრივი ხელისუფლება - ბესიკ დონაძე ბათუმის ტრაგედიაზე

ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიაში კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე პასუხისმგებლობას აჭარის ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებს. მისი თქმით, მნიშნელოვანია, კონკრეტული პასუხისმგებელი პირები გამოიკვეთონ, რადგან ცხადია, რომ ადგილზე უსაფრთხოების ზომები დაცული არ ყოფილა. 

დონაძე ამბობს, რომ მაშინ, როდესაც კობახიძე ბათუმში "ოცნების ქალაქის" პრეზენტაციაზე ჩავიდა, იქ უსაფრთხოების ზომები სრულად იყო დაცული, თუმცა მისი წასვლის შემდეგ, სპეციალური მესერი აიღეს. 

ტენდერში მითითებულია ტერიტორიად სრულად „ოცნების ქალაქის“ ტერიტორია. შესაბამისად, აღნიშნული ადგილი, ამ ტერიტორიაზე თუ არის, პასუხისმგებლობა ეკისრება აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთან სამინისტროს, რადგან ეს არის დამკვეთი და პირდაპირ წერია ხელშეკრულებაში მაკონტროლებელი პირები. თუ ეს ტერიტორია მიღმა აღმოჩნდება სამშენებლო ტერიტორიის, აქ პასუხისმგებელი არის ქალაქ ბათუმის მერია და მუნიციპალური ინსპექცია. ყველა შემთხვევაში პასუხისმგებელი არის აჭარის ადგილობრივი ხელისუფლება: ან მთავრობა, ან მერია. ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, პასუხისმგებელი პირი უნდა გამოიკვეთოს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური.
აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია განხორციელდა 8-9 თებერვალს. სოციალურად დაუცველებს რომ კორპუსი უნდა აუშენონ ანუ ყველაზე გაჭირვებულ ადამიანთან იმის სათქმელად მივიდა, რომ კორპუსი უნდა აგიშენოთ და ამის თქმაში რიჟვაძემ და კობახიძემ დახარჯეს 209 ათასი ლარი. რიჟვაძეს რომ კაპსულა უჭირავს ხელში და აგდებს, იმ კაპსულაში გადაიხადეს მარტო 1700 ლარი. მაშინ ზურნველყოფილი იყო ყველანაირი უსაფრთხოების წესები, მაგრამ როდესაც დამთავრდა პრეზენტაცია, დასრულდა ყველაფრის უსაფრთხოება, - ამბობს ბესიკ დონაძე. 

 

ბათუმში, "ოცნების" ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც გუშინ ტრაგედია დატრიალდა, საგაოძიებო მოქმედებები ცოტა ხნის წინ დასრულდა. ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული კონკრეტულად ის ადგილი, სადაც მცირეწლოვნები ჩაცვივდნენ. 

ადგილზე ამ დრომდე რჩებიან საგამოძიებო უწყების თანამშრომლები, თუმცა მათ დაზუსტებული პასუხი არ აქვთ, რა მოხდა შემთხვევის ადგილზე და რას შეეწირა ბავშვების სიცოცხლე.

ადგილობრივები კი პირდაპირ ამბობენ, რომ ადგილზე უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო. მათი თქმით, სახიფათო ადგილი, წესით, ღობით უნდა ყოფილიყო შემოსაზღვრული.

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ორი არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. 5 და 7 წლის ბავშვებს ბოლო 4 საათის განმავლობაში ეძებდნენ, ისინი  სწორედ თხრილში იპოვეს.