სასამართლო საკუთარი გადაწყვეტილებებით ადამიანის უფლებებზე ძალადობს - ქეთევან ერემაძე

16.02.25 15:51
სასამართლო საკუთარი გადაწყვეტილებებით ადამიანის უფლებებზე ძალადობს - ქეთევან ერემაძე

სასამართლო საკუთარი გადაწყვეტილებებით ადამიანის უფლებებზე ძალადობს , - ამის შესახებ შაბათის ეთერის ხმაურიანი რეპორტაჟის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე საუბრობს. ყოფილი მოსამართლე პირდაპირ ამბობს, რომ დღევანდელი სასამართლოსგან ობიექტური გადაწყვეტილების იმედი აღარავის აქვს.

ერემაძის თქმით, მოქმედ მოსამართლეებს, რომლებსაც "ოცნების" სასარგებლო გადაწყვეტილებები გამოაქვთ, ნაწამები აქტივისტების მიმართ ემპათიაც არ გააჩნიათ. ყოფილი მოსამართლე მიიჩნევს, რომ სასამართლო დარბაზებში ძვლებდამტვრეული ადამიანების ხილვა მოსამართლეებისთვის განგაშის ზარის მიზეზი უნდა იყოს. 

დღეს სასამართლოს ხელისუფლებასთან აკავშირებს მხოლოდ სახელწოდება, სადაც კანონზომიერია ადამიანის უფლებების დარღვევის მოლოდინი. ჩვენ არავის გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო მიიღებს ერთ შემთხვევაში მაინც სწორ გადაწყვეტილებას და ყველას გვაქვს ღრმა რწმენა, რომ სასამართლო აუცილებლად სასამართლოს გადაწყვეტილებებით იძალადებს ადამიანის უფლებებზე. პატიმრობის გამოყენება მასობრივად, იქნება ეს აღკვეთის ღონისძიება, ადმინისტრაციული სახდელის თუ უკვე საპატიმრო სასჯელის სახით და მეორე ეს არის ნულოვანი მგრძნობელობა და ემპათია ისეთი შემთხვევების მიმართ, როდესაც ნაწამები ადამიანები შეჰყავთ სასამართლო დარბაზებში. როდესაც დაკავებული ადამიანი მიჰყავთ სასამართლოში, ის იქამდე 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ, რაც ნიშნავს იმას, რომ თითის გაკაწვრიდან ნებისმიერი, ჯანმრთელობისთვის თუ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობის ჩათვლით, ყველაფერზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი. თვალხილულია, ადამიანებს სახის ძვლები აქვთ დალეწილი და ბევრად უფრო მძიმე დაზიანებებიც აქვთ სხეულზე და ამაზე საუბრობენ მათია დვოკატებიც, სასამართლოსთვის, პირველ რიგში, უნდა იყოს განგაშის ატეხვის მიზეზი, რომ აქ რაღაც ფუნდამენტურად არასწორია, რაღაც დიდი პრობლემაა, - ამბობს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე.

"ქართული ოცნების" პარტიული სიიდან სასამართლოში - შაბათის ეთერმა გაარკვია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლედ მუშაობს ქალი, ვინც ხუთი თვის წინ ივანიშვილის პარტიას საგარეჯოს საკრებულოში წარმოადგენდა, დღეს კი ევროპული მომავლის მცველებს ციხეში უშვებს. ეს ის ქალია, ვინც ციხეში გაუშვა პოლიციელების მიერ დაკავების შემდეგ სასტიკად ნაცემი და ნაწამები საბა სხვიტარიძე და გიორგი ახობაძე.

მარიდაშვილს მოსამართლეობის სულ ხუთ თვიანი სტაჟი აქვს. ის სასამართლოში 2024 წლის 1 ოქტომბერს დასაქმდა - სამ წლიანი გამოსაცდელი  ვადით.