ლატვიელმა ბიზნესმენმა სასამართლოს მკაფიოდ განუცხადა, რომ მე ვეძებდი სესხს - ბაჩიაშვილი

19.02.25 15:57
ლატვიელმა ბიზნესმენმა სასამართლოს მკაფიოდ განუცხადა, რომ მე ვეძებდი სესხს - ბაჩიაშვილი

"მან დღეს სასამართლოს მკაფიოდ განუცხადა, რომ მე ვეძებდი სესხს" - გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ლატვიელი ბიზნესმენმა, მარატ იჩკოვსკიმ, რომელიც დღეს სასამართლოზე დაიკითხა,  მკაფიოდ განსაზღვრა განსხვავება სესხსა და ინვესტიციას შორის.

ჩვენება მისცა მოწმემ, რომელიც არის დამოუკიდებელი მოწმე. არ არის ჩემი თანამშრომელი, არის ჩემი მეგობარი და ჩვენ ბევრჯერ ერთად გამოვსულვართ ინვესტორებად. მან 2015 წელს მომცა გარკვეული რაოდენობის სესხი. მრავალ კითხვაზე, რომელიც პროკურორმა მას დაუსვა, მან მკაფიოდ განსაზღვრა განსხვავება სესხსა და ინვესტიციას შორის და მკაფიოდ განუცხადა სასამართლოს რამოდენიმე შებრუნებული კითხვის შემდეგ, რომ მე ვეძებდი სესხს. მე მივმართე მას, როგორც სესხის გამცემ პიროვნება, ზუსტად ისევე, როგორც მივმართე ივანიშვილს, რომ "ქართუში" გაეწია შუამდგომლობა, რომ ჩემთვის "ქართუდან" ამეღო სესხი", - განაცხადა ბაჩიაშვილმა. 

ბიზნესმენმა სხდომაზე დაადასტურა, რომ მას ჰქონდა ბიზნეს ურთიერთობა თანაინვესტორების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელთან და მზად იყო მისი პროექტის დასაფინანსებლად სესხი გამოეყო.

თუ მე პირობითად 6 მილიონ დოლარს გავცემდი სესხად, შეიძლება მომეთხოვა მაინინგის მოწყობილობა ან ბიტკოინები რასაც გამოიმუშავებდა? - თქვა ბაჩიაშვილის ბიზნესპარტნიორმა სასამართლოზე და ისიც აღნიშნა, რომ ინფორმირებული იყო იმ სესხის თაობაზე, რომლის გამოტანასაც თანაინვესტორების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელი "ქართუ ბანკიდან" აპირებდა. 

რაც შეეხება გერმანული ექსპერტიზის დასკვნას, მისი გამოკვლევა ორშაბათიდან დაიწყება - ასევე ორშაბათს უნდა დაიკითხოს გერმანელი ექსპერტიც. სწორედ ის იქნება ბოლო მოწმე და ამით აღნიშნული საქმე დასკვნით ეტაპზე გადავა. 

  • გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, როგორც მან განაცხადა, დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.