"დაგვყვებიან, გვითვალთვალებენ" - დაჯარიმებული აქტივისტი ტერორზე საუბრობს
სოსო ბერიკაშვილი, რომელიც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისთვის დააჯარიმეს, შს სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს - ეკონომისტი ფოსტალიონად ქცეული პოლიციელების მიერ ჯარიმის ქვითრის გადაცემას სახლთან, არასრულწლოვანი ბავშვის წინაშე, დაშინების მცდელობად აფასებს.
"დაგვყვებიან, გვითვალთვალებენ, ზუსტად 5 წუთის მისული ვიყავი სახლში, 10 წუთში კიდევ უნდა გავსულიყავი აქციაზე. ეს დრო დაამთხვიეს და მოვიდნენ" - ამბობს "პირველებთან" სოსო ბერიკაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ვახო გომელაურის უწყებამ ფინანსური სანქცია აბსურდული მიზეზით დააკისრა.
დაგვყვებიან, გვითვალთვალებენ, გვაკვირდებიან. ზუსტად 5 წუთის მისული ვიყავი სახლში, 10 წუთში კიდევ უნდა გავსულიყავი აქციაზე. ეს დრო დაამთხვიეს და მოვიდნენ. ორი პოლიციელი იყო. კრიმპოლის თანამშრომლები ფოსტალიონად აქციეს და დადიან საღამოობით ოჯახ-ოჯახ. ამის გამოგზავნა წერილით ხომ შეიძლება.
ამათი არაკონსტიტუციური და არაკანონიერი წესებიც კი არ დამირღვევია, უბრალოდ რუსთაველზე რატომ იდექი და გაჯარიმებენ. მერე ამ ყველაფრის ფორმა, სახლში დადგომა და გადაცემა... ჩვეულებრივი ტერორია, დაშინება. მე არ შემეშინდება, მაგრამ ბავშვი არის სახლში 4 წლის და ყველა ერთნაირად ვერ აღიქვამს სტრესს.
არ ჩავიბარე, ამგვარად პროტესტი იყო ჩემი მხრიდან. ვიცი, რომ ფორმალურად ეს უთანაბრდება ჩაბარებას, 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყება და ამას, რა თქმა უნდა, დავაჯარიმებ", - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.
სოსო ბერიკაშვილი 19 თებერვალს დააჯარიმეს - ეკონომისტს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სახლთან მიაკითხეს და საჯარიმო ქვითარი მიუტანეს.
ანტირუსული აქციების აქტიურ მონაწილე ეკონომისტს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. სოსო ბერიკაშვილმა აბსურდული მოტივით გამოწერილი ქვითრის ჩაბარებაზე უარი თქვა.