"ტვ პირველის" ოპერატორი სასამართლოში მიიყვანეს - ადვოკატები არ გაუფრთხილებიათ
"ტვ პირველის" ოპერატორი სასამართლოში მიიყვანეს - ლაშა ჯაოშვილი საქალაქოში იზოლატორიდან ჩუმად ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატები არ გაუფრთხილებიათ. ოპერატორს 15 წუთით ადრე უთხრეს, რომ სასამართლოში გადაჰყავდათ. საქმე სანქცირებულ მოსამართლეს, ლელა ცაგარეიშვილს დაეწერა.
სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს, მას ჯაოშვილის არცერთი უფლებადამცველი არ ესწრება.
ასევე, სასამართლოშივე გაირკვა, რომ "ტვ პირველის" ოპერატორს პოლიციელის დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.
ცნობისთვის, ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის არაერთი კითხვის მიუხედავად, შსს მთელი დღე მალავდა, როდის გადააგზავნიდა "ტვ პირველის" ოპერატორის საქმეს სასამართლოში.
რამდენიმე წუთის წინ, ლაშა ჯაოშვილმა მოსამართლეს სხდომის გადადება მოსთხოვა, განმარტა, რომ მისი არცერთი უფლებადამცველი პროცესს არ ესწრება, რადგან ისინი არავის გაუფრთხილებია.
- შსს-ს წარმომადგენელის სასამართლო დარბაზში ამტკიცებდა, რომ ჯაოშვილს ადვოკატი შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა.
ამის შემდეგ მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა შესვენება გამოაცხადა და თქვა, რომ სხდომა ადვოკატების მისვლის შემდეგ განახლდება.
გუშინდელიდან მოყოლებული მთელი დღეა, ამ დილითაც ამ მიზნით დავურეკე მე, როგროც საგამოძებო ორგანოს, ასევე სამმართველოს, რომ როდესაც გადაიყვანდნენ ლაშას, შეეტყობინებინათ. ნომერიც მივეცი ჩემი, თუმცა, ისე გადაიყვანეს სასამართლოში და ისე გახსნეს პროცესი, რომ ადვოკატები იქ არ ვართ". ახლა დაგვირეკეს, რომ ლაშამ მოითხოვა ადვოკატი, იმიტომ რომ იცოდა, რომ ჩვენ პროცესს უნდა დავსწრებოდით, ამიტომ გადადეს და როცა მივალთ განახლდება და ვნახოთ რა როგორ იქნება", - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.
სანამ შესვენება გამოცხადდებოდა, შსს-ს იურისტმა პროცესზე განაცხადა, რომ დღეს "მოწმე" პოლიციელები - გურამ ჩალაგაშვილი და არჩილ გამერდაშვილი გამოიკითხებიან.
შეგახსენებთ, რომ გომელაურის ნიღბიანმა რაზმებმა ლაშა ჯიოშვილი ელბაქიძის ქუჩიდან ძალის გამოყენებით იმ დროს გაიტაცეს, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნებოდა. არსებობს ვარაუდი, რომ პოლიცია ოპერატორისთვის ნარკოტიკების ჩადებას ცდილობდა, რადგან ვიდეოში ლაშა ჯიოშვილი ამბობს, რომ "ჯიბეში" რაღაც ჩაუდეს.
- რამდენიმე საათის განმავლობაში "ტვ პირველის" ოპერატორი პოლიციას გადამალული ჰყავდა, არ აძლევდნენ ადვოკატთან და ოჯახთან კომუნიკაციის უფლებას, ემუქრებოდნენ, სთხოვდნენ ტელეფონს, არ განუმარტეს უფლებები და დაკავების დროს ხელზე მიაყენეს დაზინება.
- ტელეოპერატორის ადგილმდებარეობის გარკვევას "ტვ პირველი" თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა. მასთან შეხვედრა ადვოკატმა მხოლოდ გამთენიისას მოახერხა.