სასამართლოში საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი მომდინარეობს - რა შუამდგომლობა დააყენა ადვოკატმა სხდომაზე?

20.02.25 16:11
სასამართლოში საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი მომდინარეობს - რა შუამდგომლობა დააყენა ადვოკატმა სხდომაზე?

თბილისის საქალაქო სასამართლოში "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი მომდინარეობს.

სხდომაზე სხვიტარიძის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა საბა სხვიტარიძის დაკავებაში მონაწილე პოლიციელების დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა. 

ჩომახაშვილმა განმარტა, რომ სხვიტარიძე მაშინ, როცა ის მამასთან ერთად მიდიოდა დასავლეთში, გააჩერეს და დააკავეს. ჩომახაშვილის თქმით, დაკავებაში მონაწილეობდა საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელის, მირიან ქავთარაძის მოადგილე, მიხეილ სუჯაშვილი.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სუჯაშვილს გამოკითხვის ოქმში მითითებული არ აქვს ინფორმაცია, რომ საბა სხვიტარიძე თბილისში მან ჩამოიყვანა.

ჩომახაშვილის განცხადებით, სუჯაშვილი გამოკითხვის ოქმში უთითებდა, რომ საბა სხვიტარიძის მძღოლს, [საბა სხვიტარიძის მამას] არ ეცალა და ჩვენ წამოვიყვანეთ პოლიციაშიო. ადვოკატი მიიჩნევს, რომ სუჯაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები სიმართლეს არ ამბობენ.

ჩომახაშვილის თქმით, დაცვის მხარისთვის უცნობი იყო, საბა სხვიტარიძე ზესტაფონიდან, 05:00 საათზე როგორ აღმოჩნდა პოლიციის სამმართველოში და ვინ იყო მისი ჩამომყვანი. შესაბამისად, მათ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან მოითხოვეს დადგენა, თუ ვინ ჩამოიყვანა სხვიტარიძე თბილისში.

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პირების დაკითხვა მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ პოლიციის მანქანაში განხორციელდა სხვიტარიძის მიმართ გაუპატიურების მუქარა.

საერთო ჯამში, ადვოკატები 15 პირის მოწმის სახით დაკითხვას ითხოვდნენ. ბრალდების მხარე შუამდგომლობას ნაწილობრივ დაეთანხმა, კერძოდ კი, პროკურორი 13 პირის დაკითხვას დათანხმდა.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, თუმცა, დასაკითხ მოწმეთა სიაში დართვას 13 პირზე დათანხმდა.

შეგახსენებთ, საბა სხვიტარიძეს რეჟიმი ბერას ძმაკაც პოლიციელზე, მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.

სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.