პოლიციელები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ "ტვ პირველის" ოპერატორი მათ დააკავეს, იქ საერთოდ არ ყოფილან - თვითმხილველი

20.02.25 17:33
პოლიციელები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ "ტვ პირველის" ოპერატორი მათ დააკავეს, იქ საერთოდ არ ყოფილან - თვითმხილველი

ლექსო ვალიაური, პირი, რომელიც "ტვ პირველის" ოპერატორთან ერთად გატაცების დროს იმყოფებოდა, ამბობს, რომ პოლიციელები, რომლებიც ამ წუთებში სასამართლოში იმყოფებიან და ამტკიცებენ, რომ ისინი მონაწილეობდნენ ლაშა ჯაოშვილის დაკავების ოპერაციაში, სინამდვილეში "ტიტუშკების" ჩადენილ დანაშაულს იბრალებენ.

ლექსო ვალიაური ამბობს, რომ ათობით ნიღბიან თავდამსხმელს შორის სხვა აღნაგობის პირები იყვნენ და არა ისეთები, როგორიც მოწმე პოლიციელები არიან, ამიტომაც ვალიაურს მიაჩნია, რომ აღნიშნული სამართალდამცველების ჩვენება სარწმუნო ვერ იქნება.

მე და ლაშა ერთად ვიყავით, როდესაც თავს დაგვესხნენ და ის თავდასხმელები სრულიად სხვანაირი აღნაგობის ადამიანები არიან. ვერცერთის ამოცნობა ვერ მოხდება, რადგან ეს პოლიციელები, რომლებიც ახლა აქ იმყოფებიან იქ არ იყვნენ. ორმაგ და ჯაჭვისებურ დანაშაულთან გვაქვს საქმე. დანაშაული ჩაიდინა ჯგუფმა, რომლებიც იყვნენ კლასიკური "ტიტუშკები" და ზონდერები და დღეს პოლიციელები იბრალებენ მათ ჩადენილ დანაშაულს და იფუთება, რომ ეს იყო რაღაცა დაუმორჩილებლობა. დღეს ასაღებენ, რომ ეს იყო დაკავების ოპერაცია, მაგრამ ეს არ ყოფილა. ათობით ადამიანი დაგვესხა თავს როცა მივდიოდით, ხმა არ ამოუღიათ არცერთს, ერთადერთი რაც გავიგეთ და თქვეს იყო ის, რომ დავაი, დავიწყეთ", - ამბობს ლექსო ვალიაური.

ლაშა ჯაოშვილის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში. საქმეს სანქცირებული მოსამართლე, ლელა ცაგარეიშვილს იხილავს.  იზოლატორიდან ჩუმად გაყვანილ და სასამართლო დარბაზში მოულოდნელად შეყვანილ ჯაოშვილს უფლებადამცველები უკვე გვერდით ყავს. 

  • "ტვ პირველის" ოპერატორს პოლიციელის დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.

ცნობისთვის, ლაშა ჯაოშვილი სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატები არ გაუფრთხილებიათ.

შეგახსენებთ, რომ გომელაურის ნიღბიანმა რაზმებმა ლაშა ჯიოშვილი ელბაქიძის ქუჩიდან ძალის გამოყენებით იმ დროს გაიტაცეს, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნებოდა.  არსებობს ვარაუდი, რომ პოლიცია ოპერატორისთვის ნარკოტიკების ჩადებას ცდილობდა, რადგან ვიდეოში ლაშა ჯიოშვილი ამბობს, რომ "ჯიბეში" რაღაც  ჩაუდეს.

  • რამდენიმე საათის განმავლობაში "ტვ პირველის" ოპერატორი პოლიციას გადამალული ჰყავდა, არ აძლევდნენ ადვოკატთან და ოჯახთან კომუნიკაციის უფლებას, ემუქრებოდნენ, სთხოვდნენ ტელეფონს, არ განუმარტეს უფლებები და დაკავების დროს ხელზე მიაყენეს დაზინება. 
  • ტელეოპერატორის ადგილმდებარეობის გარკვევას "ტვ პირველი" თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა. მასთან შეხვედრა ადვოკატმა მხოლოდ გამთენიისას მოახერხა.