თემურ ქათამაძისთვის შიმშილობის შეწყვეტის თხოვნით პეტიცია შეიქმნა

20.02.25 17:47
თემურ ქათამაძისთვის შიმშილობის შეწყვეტის თხოვნით პეტიცია შეიქმნა

სამოქალაქო აქტივისტებმა თემურ ქათამაძის მხარდასაჭერად პეტიცია შექმნეს - მოქალაქეები ბათუმის აქციების მედროშეს მოუწოდებენ, რომ შიმშილობა შეწყვიტონ. 

პეტიცია დაახლოებით ორი საათის წინ შეიქმნა და ამ დროისთვის მას 1100-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. 

მან [თემურ ქათამაძემ] ბოლოს გამოქვეყნებული წერილით უარი განაცხადა შიმშილობის შეწყვეტაზე და მისი თქმით სიცოცხლის ფასად აპირებს გააგრძელოს ეს ყოველივე. რადგან მისთვის საქართველოსთვის თავის გაწირვა საამაყოა.

ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებას, ამ პეტიციით გვსურს ვთხოვოთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში ჩვენ თითოეული თანამებრძოლი ჯანმრთელი და ცოცხალი გვჭირდება”, – ვკითხულობთ პეტიციის აღწერაში.

უკვე 35 დღეა, რაც თემურ ქათამაძე შიმშილობს. გუშინ, 19 თებერვალს, მან მიგრაციის დროებითი დაკავების ცენტრიდან წერილი გამოაგზავნა, სადაც წერს, რომ არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას. გარდა ამისა, ის პრიტესტის ნიშნად, უარს ამბობს ანალიზების გაკეთებაზე.

თემურ ქათამაძე, ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე, ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავეს, ის 12 დღე იყო იზოლატორში. თემურ ქათამაძე იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და ამ დრომდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება.