უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინა - პროკურატურა
უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირში მყოფი პირები, მათ საცხოვრებელ სახლებში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ საბრძოლო მასალასა და ასაფეთქებელ მოწყობილობებს.
ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ასევე, ამოღებული იქნა დროშა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა, - ნათქვამია ინფორმაციაში.