"გაჩერების მორალური უფლება არ გვაქვს" - თბილისში დღეს სინდისის პატიმრების მხარდამჭერი მარში გაიმართება
საღამოს 19:00 საათზე თბილისში დღეს სინდისის პატიმრების მხარდამჭერი მარში გაიმართება. ტრადიციულად ამ პარასკევსაც ქუჩებში მსვლელობაა დაანონსებული. თავისუფლებისთვის მებრძოლი 49 უკანონო პატიმრის მხარდასაჭერად ქუჩებში მათი ოჯახის წევრები და მეგობრები აპირებენ გასვლას.
შეკრება დღესაც საზოგაოდოებრივ მაუწყებელთან დაიწყება. კოსტავას ქუჩაზე ელოდებიან ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ივანიშვილის პარტიამ 49 მომიტინგე ციხეში უსაფუძვლოდ გამოკეტა, რათა მოპარული არჩევნების შემდეგ შიშით ხალხის დაშინებით პროტესტი ჩაეხშოთ.
ადამიანები, იმ ოთხი კედლიდან, სადაც არიან გამოკეტილები, იქიდანაც კი იბრძვიან და გვაჩვენებენ ძალიან დიდ ძალას, აქეთ ამხნევებენ კიდევ ადამიანებს და ჩვენ, უბრალოდ უფლება არ გვაქვს, რომ ეს ადამიანები შევატოვოთ რეჟიმს და მინიმუმ, არ დავანახოთ ჩვენი სიძლიერე, ჩვენი ერთობა და ის მუხტი, რომ ჩვენ მათთვის აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას, პროცესში ვართ, ვიბრძვით, დღეს, ახლა, ხვალ და ნებისმიერ დღეს, იმიტომ, რომ სანამ მათ არ დავიხსნით ამ ტყვეობიდან, უბრალოდ, მორალური უფლება არ გვაქვს, რომ გავჩერდეთ, - ამბობს მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი.
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მაია ასათიანი ამბობს, რომ გზა, რომელსაც ხელისუფლება ადგას, მცდარია, რადგან ის მეთოდები, რომლებიც რუსეთში მუშაობს, ქართველებზე ვერ იმუშავებს. მისი თქმით, რაც მეტი იქნება რეპრესიები, მით მეტი იქნება ხალხის წინააღმდეგობაც.
საქართველოში არ დარჩა ადამიანი, ვისი ახლობელიც, მეგობარიც, მეზობელიც, მის წრეში ახლოს მყოფი ადამიანი ციხეში არ ზის. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიგოს და გაიაზროს, რომ ის, რასაც მათი კრემლის კურატორი ეუბნება, ძალიან მცდარი გზაა, იმიტომ, რომ ქართელებზე არ მუშაობს : „ყველას დავიჭერ და პროტესტი ჩაცხრება“. ჩვენ ვართ სხვანაირად ნაჭედი ხალხი და რაც მეტ წინააღმდეგობას გაგვიწევენ, მეტი იქნება ჩვენი მედგრად დგომაც, - ამბობს მაია ასათიანი.