"ჯარიმას არ გადავიხდი" - ლაშა ჯიოშვილი რეჟიმის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აანონსებს
ამ დრომდე ვახო გომეალურის გამტაცებელთა რაზმები ტვ პირველის ოპერატორს არ უბრუნებენ პირად ნივთებს, რომელიც პოლიციამ მას დაკავების შემდეგ ჩამოართვა. მანქანის და სახლის გასაღები ამ დრომდე პოლიციიის განყოფილებაშია. მთელი ღამე უკანონო პატიმორბიდან გათავისუფლებული ლაშა ჯიოშვილი ამ ნივთების დაბრუნებას ელოდა, თუმცა მაინც არ გადასცეს.
ლაშა ჯიოშვილი რეჟიმის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აანონსებს. ტვ პირველის ოპერატორი ამბობს, რომ მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო და ამიტომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
მოიყვანეს ორი ვითომ დამკავებელი. აქედან, რეალურად, ერთი იყო, კი, მეორე საერთოდ არ მინახავს იქ და ერთმანეთის საწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს ამ ადამიანებმა. ერთი ამბობდა რომ კი, საქართველოს დროშთ დავინახეთ, მეორეს არც საქართველოს დროშა დაუნახია, არც ის პლაკატი, რომელიც დახურულ მდგომარეობაში ხელით მეჭირა. ერთმა თქვა, რომ ორი წუთი გაგრძელდა ჩვენი ეს საუბარი და ჩაჯდომა მანქანაში, რეალურად ასე იყო. მეორემ თქვა, რომ ერთი საათი მივუნდითო. ამ ყველაფრის შემდეგ შემოდის მოსამართლე, მაცხადებს სამართალდამრღვევად და მაჯარიმებს 2500 ლარით, რომელსაც არ გადავიხდი, გავასაჩივრებ, - ამბობს ჯიოშვილი.
ლაშა ჯიოშვილის ადვოკატი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებენ, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც.
გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, სრულად ამოვარდნილია სამართლებრივი ჩარჩოებიდან. დააჯარიმა ლაშა და ასევე ფაქტი თვითონ, რომ სამართალდამრღვევად ცნო იმ ფაქტობრივი გარემოებების მიუხედავად, იმ მტკიცებულებების მიუხედავად, რაც ჩვენ წარდგენილი გვქონდა, ეს არის ცალსახად დამაზიანებელი როგორც ლაშასთვის, ასევე ზოგადად, პრაქტიკისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, რომელიც არსებობს სამართლებრივად. ვგულისხმობ, რომ გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, სააპელაციო სასამართლოში, როდესაც ის ჩაგვბარდება და ასევე თითოეული გადაწყვეტილება, უკანონოდ მიღებული ეს დაკსვნები, არის პოტენციური საქმეები, რომლებიც შეიძლება, გაიგზავნოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში , - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი, რომელიც პოლიციამ ელბაქიძის დაღმართიდან უკანონოდ გაიტაცა, რეჟიმის სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და ის 2500 ლარით დააჯარიმა.