თუ არ გააყალბებდნენ ამ ექსპერტიზის პასუხებს, ისედაც ვიცოდი - ნიკა კაციას დედა
ნარკოდანაშაულზე დაკავებული ჟურნალისტის ნიკუშა კაციას დედა ამბობს, რომ საკუთარი შვილის უდანაშაულობაში ისედაც დარწმუნებული იყო და თუ არ გაყალბდებოდა ექსპერტიზის პასუხები, ისედაც იცოდა, რომ ასეთი დასკვნა იქნებოდა.
მარინა აფციაური მიიჩნევს, რომ მისი შვილის საქმეში ტაქსის მძღოლის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია და იმედოვნებს, რომ ის აუცილებლად მივა და ჩვენებას მისცემს.
თუ არ გააყალბებდნენ ამ ექსპერტიზის პასუხებს, ისედაც ვიცოდი, ვიცი, ჩემი შვილი რა ცხოვრებით ცხოვრობს, ვინ იყო, რა იყო, ეს დედაზე უკეთ არავინ იცის.
ტაქსის მძღოლიც მნიშვნელოვანია, რითიც შემიძლია დავეხმარებიო, მარიამ გაფრინდაშვილს უთხრა, მაგრამ რითიც შეუძლია არ ეხმარება. წინასწარ ხომ არ ვიცით რა იქნება, უნდა დაიკითხოს, ოქმი შედგეს, იმედია, რომ მოვა“, - ამბობს ნიკა კაციას დედა.
ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულზე დაკავებული ჟურნალისტის ნიკუშა კაციას სასამართლო პროცესზე, დაცვის მხარემ მის მიერ დანიშნული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რომლის თანახმად, კაციასთვის წაყენებული ბრალი ფაქტობრივად ბათილდება.
აღნიშნულის შემდეგ, პოზიციის დასაფიქსირებლად, პროკურორმა დრო მოითხოვა და დარბაზი უკანა კარიდან, ჩუმად დატოვა.
სხდომა 7 მარტს 11:00 საათზე ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.