მოსამართლე ნინო ენუქიძემ გელა ხასაია 4 500 ლარით დააჯარიმა

მოსამართლე ნინო ენუქიძემ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, გელა ხასაია 4 500 ლარით დააჯარიმა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
- მას ბრალდება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. საქმე 2024 წლის 4 დეკემბერს გავიარებულ მოვლენებს ეხება, როდესაც რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ოფისში ე.წ. სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ბრალდება ამტკიცებს, რომ ხასაია პოლიციელებს ნიკა გვარამიას დაკავებაში უშლიდა ხელს.
დღეს ვიყავი მორიგი ცირკის მომსწრე, რადგან მოწმე პოლიციელებმა რაც ისაუბრეს, რადიკალურად განსხვავებული მტკიცებულება იყო ვიდეოში. სასაცილო ის არის, რომ ზუსტად ჩემი Facebook ლაივი აქვს მოტანილი შსს-ს ჩემ საწინააღმდეგოდ და მეც იგივე ლაივი მაქვს მოტანილი ოღონდ ჩემი თავის დასაცავად. ამ ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ ნიკა გვარამიასთან ახლოსაც კი არ ვიმყოფები, როდესაც მას აკავებენ.
ამ ვიდეოში ძალიან კარგად ჩანს, როდესაც ერთი პოლიციელი მეუბნება, რომ უკან გავუწიო, მე ვიწევი უკან და მერე მეუბნება, ხომ მანდ იქნები. ამის მერე მომმართავს ძველბიჭური სიტყვებით, რაზეც ვეუბნები თქვენობით უნდა მომმართოთ-მეთქი და შემდეგ მაკავებს. ეს ყველაფერი მოსამართლემ ნახა, თუმცა სანქცირებულ მოსამართლეს არ აინტერესებს რეალური ამბავი. მას აინტერესებს მხოლოდ ის, რომ გაახაროს რეჟიმი". - განაცხადა გელა ხასაიამ.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მარიამ საჯაიას პროცესიც მიმდინარეობს. ახალგაზრდა ქალს 16 იანვარს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.
16 იანვარზეა საუბარი. უკვე თვე ნახევარი იყო გასული მას შემდეგ, რაც პერმანენტულად, ყოველ ღამე იკეტებოდა რუსთაველი. ეს არ ყოფილა, რომ მე გამოვთქვი ინიციატივა, რომ მოდით ხალხო, რუსთაველი გადავკეტოთ. იმედი მაქვს, რომ არ იქნება ჯარიმა. ეს არის ჩემთვის უპირველესი, რომ ჩემივე ხელით არ მოხდეს დაფინანსება ძალადობრივი რეჟიმის და ბიუჯეტის შევსება იმ ადამიანების მიერ, რომელიც პროტესტს გამოვხატავთ ამ რეჟიმის მიერ. მიზანი არის ის, რომ ფინანსურად დაგვაწვნენ ახლა და მაქსიმალურად შეავსონ ბიუჯეტი იმისთვის, რომ შემდეგ ეს თანხა ჩვენზე ძალადობისთვის გამოიყენონ". - განაცხადა მარიამ საჯაიამ.