"თქვენი შეუპოვრობა ჩვენთვის დიდი სტიმულია" - ანატოლი გიგაურის და გიორგი ტერიშვილის წერილი ციხიდან

გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების 67-ე საკნიდან "ტვ პირველის" რედაქციამ სინდისის პატიმრების წერილი მიიღო - ანატოლი გიგაური და გიორგი ტერიშვილი, რომლებიც რეჟიმმა გისოსებს მიღმა გამოკეტა, მზია ამაღლობელსა და უკანონოდ დაკავებულებს ბრძოლისთვის მადლობას უხდიან.
სინდისის პატიმრების ადრესატი საქართველოს ყველა ის მოქალაქეა, რომლებიც ევროპული და თავისუფალი მომავლის სადარაჯოზე დგანან და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ შეუპოვრად იბრძვიან - "ევროპული გზის მცველებად მოვლენილი ამხედრებული მედროშენი ისეთი ლამაზები ხართ, დილის ცისკარს ჰგავს ღამის წყვდიადს სინათლით რომ აპობს".
მადლობა, მადლობა და კიდევ მადლობა მზია ამაღლობელს, რეჟიმის ყველა ტყვეს, ერისა და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლ ყველა საპატიო მოქალაქეს, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის იმიჯს ქმნიან ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე, ხოლო სტუდენტების გამბედაობა, შეუპოვრობა, ბრძოლისუნარიანობა დიდი სტიმულია ჩვენთვის. გვამხნევებს, გვაძლიერებს, გვახარებს და გვაბედნიერებს თქვენი პასუხისმგებლობა, კრეატიული აზროვნება, იმ წმინდა, დიადი მიზნის მიღწევისთვის, რასაც საქართველოს გამთლიანება ჰქვია თავისუფალ საზოგადოებაში.
ევროპული გზის მცველებად მოვლენილი ამხედრებული მედროშენი ისეთი ლამაზები ხართ, დილის ცისკარს ჰგავს ღამის წყვდიადს სინათლით რომ აპობს. გვეამაყებით და გვეიმედებით. დიდი პატივისცემით ანატოლი გიგაური, გიორგი ტერიშვილი გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების 67-ე საკნიდან". - წერია წერილში.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 2024 წლის 25 ნოემბერს დააკავეს. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.
ანატოლ გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება გიორგი ტერიშვილს, ის 2024 წლის 6 დეკემბერს დააკავეს. მას რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.