თემურ ქათამაძეს მუდმივი მონიტორინგისთვის კლინიკაში დარჩენაზე უარი უთხრეს
ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე ამ დრომდე პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს - პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე კაცი 37-ე დღეა შიმშილობს. გარდა შიმშილობისა, ქათამაძე უარს ამბობს, როგორც გამოკვლევების ჩატარებაზე, ასევე ექიმების კონსულტაციაზეც.
აღნიშნულის მიზეზი კი შემდეგია. მისი ადვოკატის, მარიამ გაბროშვილის თქმით, მიუხედავად მოთხოვნისა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მუდმივი მონიტორინგისთვის სამედიცინო კლინიკაში დარჩენაზე უარი უთხრეს. სწორედ ამის შემდეგ, ქათამაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამედიცინო შემოწმება აღარ ჩაიტაროს.
თემურ ქათამაძე 15 თებერვლიდან უარს ამბობს ყველანაირ სამედიცინო შემოწმების გავლაზე. მას შემდეგ, რაც მას სამედიცინო კლინიკაში უარი უთხრეს დარჩენაზე, მიუხედავად მისი მოთხოვნისა, რომ ყოფილიყო მუდმივი მონიტორინგის ქვეშ და დააბრუნეს დროებითი მოთავსების ცენტრში. ამ დღის მერე, ის თვითონ ცენტრშიც უარს ამბობს იმ მინიმალური სასიცოცხლო პარამეტრების შემოწმებაზე, რაც უტარდება ამ დღეების განმავლობაში. განაგრძობს შიმშილობას. დღეს უკვე შიმშილობის 37- ე დღეა. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი", - ამბობს მარიამ გაბროშვილი.
უწყვეტი შიმშილობის ფონზე, ბათუმელ მედროშეს რიგითი მოქალაქეები მოუწოდებენ, რომ საკვების მიღება დაიწყოს და საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს.
მე არ წარმომიდგენია ადამიანი ჩემს ირგვლივ, საქართველოს მოქალაქე, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, ვისაც ამ ქვეყნის ბედი ანაღვლებს და ვისაც ეს ქვეყანა თავისი ისტორიით უყვარს, რომ არ ანაღვლებდეს ბათუმელი მედროშის თემურ ქათამაძის ბედი, რომელიც ამდენი დღეა შიმშილობს. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს და ის ფესვები არ არის მისი და შიმშილობს, რისი გულისთვის საქართველოს სიყვარულისთვის, საქართველოს დროშის ტარებისთვის და მე მგონია, რომ ეს ადამიანი ყველა ჩვენგანისგან იმსახურებს თხოვნას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა",- ამბობს
შეგახსენებთ, თემურ ქათამაძე, ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე, ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავეს, ის 12 დღე იყო იზოლატორში. თემურ ქათამაძე იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და ამ დრომდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება.