მოპოვებულია ოლიგარქის მამხილებელი აუდიოჩანაწერი, რომელმაც ბაჩიაშვილი-ივანიშვილის საქმე, შესაძლოა, თავდაყირა დააყენოს
შაბათის ეთერის ხელშია ოლიგარქის მამხილებელი აუდიო ჩანაწერი, რომელმაც პროკურატურაში შეკერილი ბიტკოინების საქმე, წესით, თავდაყირა უნდა დააყენოს. გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ 11 წუთიან სატელეფონო კომუნიკაციაში ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თავს ტყუილში რამდენჯერმე ამხელს. პირველად მაშინ, როცა საკუთარი მილიარდების ყოფილ მმართველს უდასტურებს, რომ ბანკი ქართუ ბიზნესის მოგებაში არ მონაწილეობს. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ივანიშვილი ბაჩიაშვილის ბიზნეს პარტნიორი ან ინვესტორი არასდროს ყოფილა და მათ შორის მხოლოდ სასესხო ხელშეკრულება არსებობდა.
ამავე ჩანაწერით დგინდება, რომ ბაჩიაშვილი საკუთარ ბიზნესში მთელ დანაზოგს დებს, ბიძინა ივანიშვილი კი არათუ ჯეროვნად ვერ ერკვევა მაინინგის ბიზნესში, კრიპტოვალუტის დასახელებაც კი არ იცის. ბაჩიაშვილი ივანიშვილს მხოლოდ იმის გამო ურეკავს, რომ ოლიგარქმა უშუამდგომლოს ქართუ ბანკის დირექტორთან, რომ ნატო ხაინდრავამ ბაჩიაშვილს სესხი მისცეს.
შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული ეს სატელეფონო ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილისთვის და პროკურატურისთვის დიდი თავის ტკივილია. მაშინ, როცა ოლიგარქმა ამ აუდიო ჩანაწერის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა, გამოძიებას რადიკალურად განსხვავებულ ჩვენებას აძლევდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა გაიგო, რომ მისი მამხილებელი ჩანაწერი არსებობდა, ჩვენება რადიკალურად შეცვალა. ჩანაწერის გამოჩენა საქმეში ოლიგარქისთვის თავზარდამცემი აღმოჩნდა.
რცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.