შიმშილობის 39 დღე - თემურ ქათამაძე პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტას არ აპირებს

24.02.25 12:23
შიმშილობის 39 დღე - თემურ ქათამაძე პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტას არ აპირებს

შიმშილობის 39 დღე - ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე პროტესტის უკიდერესი ფორმის შეწყვეტას არ აპირებს. ის ახლა კლინიკის ნაცვლად მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია მოთავსებული. არადა, ქათამაძეს წონის სერიოზული კლება აქვს. 

ადვოკატი ფიქრობს, რომ შიმშილობას ქათამაძე, სავარაუდოდ, იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუკი მის მოთხოვნას დააკმაყოფილებენ და ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ სტატუსს მიანიჭებენ. 

თემურ ქათამაძე კვლავ განაგრძობს შიმშილობას და ამასთანავე 15 თებერვლის შემდეგ ის უარს ამბობს ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებაზე, რადგან სწორედ ამ დღეს იმყოფებოდა ის კლინიკაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით და სწორედ ამ დღეს მას უარი ეთქვა ჰოსპიტალიზაციაზე, მიუხედავად მისი მოთხოვნისა და კვლავ დააბრუნეს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში. ეს ადამიანი დროებითი მოთავსების ცენტრში იმყოფება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ შსს მიიჩნევს, რომ მისი გაძევების საკითხის განხილვამდე არსებობს მისი მიმალვის საფრთხე, თუმცაღა, ვსაუბრობთ იმ ადამიანზე, რომელიც სწორედ მისი აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებიდან და პროტესტიდან გაიცნო საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა. სასამართლოს შეეძლო, გამოეყენებინა სხვა, ალტერნატიული საშუალებები და ამის შესაძლებლობა ახლაც არსებობს თუ შსს მიმართავს შუამდგომლობით. 

ჯერჯერობით მისი გაძევების საკითხის განხილვა შეჩერებულია, რადგან მას მიმართული აქვს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მოთხოვნით სასამართლოსთვის და სანამ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ის რჩება დროებითი მოთავსების ცენტრში. 

შიმშილობის შეწყვეტა მისთვის შეიძლება უკავშირდებოდეს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას, რადგან ეს არის ის ერთადერთი საფუძველი, რის გამოც ეს ადამიანი შეიძლება, რომ კანონიერი საფუძვლით ქვეყანაში დარჩეს, - ამბობს ადვოკატი.  
 

დღესვე ახალგაზრდები გეგმავენ, 16:00 აათზე სახალხო დამცველის ოფისთან მივიდნენ და მას მოშიმშილე პატიმრის დახმარება სთხოვონ.  

ჩვენ შევიკრიბებით ლევან იოსელიანთან, სახალხო დამცველთან, რათა მოვითხოვოთ, ყველანაირი ზომა მიიღოს, გათავისუფლდეს თემურ ქათამაძე, რომელიც უკანონოდ არის დაკავებული, 39 დღეა შიმშილობს იმისთვის, რათა მოიპოვოს დამსახურებული საქართველოს მოქალაქეობა. ის 2012 წლიდან საქართველოში ცხოვრობს. 5 წლის მანძილზე ცდილობს, რომ მოიპოვოს მოქალაქეობა, თუმცა ეს რუსული რეჟიმი მას არ აძლევს ამის საშუალებას. ეს არის შურისძიება, ვინაიდან ზუსტად აქციაზე დროშის ფრიალის გამო დააკავეს ის, 5 დღის შემდეგ გაათავისუფლეს და შურისძიების მიზნით ისევ, იმ წამსვე დააკავეს, თითქოსდა ის არალეგალურად იმყოფებოდა ქვეყანაში, - ამბობს სტუდენტი.