ჩანაწერი ცხადყოფს, რომ საუბარია ჩემს მიერ ქართუ ბანკში სესხის მოპოვების სურვილზე - ბაჩიაშვილი
ივანიშვილი-ბაჩიაშვილის წინააღმდეგ - საქალაქო სასამართლოში დღეს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. ივანიშვილის მილიონების ყოფილმა მმართველმა და მისმა ადვოკატმა პროცესზე ის წერილობითი მტკიცებულებები წარადგინეს, რომელიც ცხადყოფს, რომ საქმეში ბიძნა ივანიშვილი ინვესტორი არ ყოფილა. ყველა დოკუმენტში წერია, რომ ბაჩიაშილმა ივანიშვილისგან სესხი აიღო.
განხილვის საგანი იყო მთავარი მტკიცებულება, 11 წუთიანი აუდიოჩანაწერიც, რომელიც "შაბათის ეთერმა" მოიპოვა და გაასაჯაროა.
სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა თანაინვესტიორების ყოფილმა ხელმძღვანელმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სასამართლოზე წარდგენილი ჩანაწერი ცალსახადა ადასტურებს ფაქტს, რომ მან "ქართუ ბანკში" სესხის მოპოვების სურვილი გამოთქვა.
ბაჩიაშვილის თქმითვე, ოლიგარქი ივანიშვილი ამ საქმეში ისე საუბრობს, როგორც თავად აწყობს.
ჩანაწერი, როგორც "შაბათის" სიუჟეტში გავიდა, ცალსახად ცხადყოფს, რომ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ჩემს მიერ "ქართუ ბანკში" სესხის მოპოვების სურვილზე, რაზეც ჩანაწერის ბოლოს ივანიშვილი მთანხმდება და მეუბნება, რომ ეს თემა დეტალურად გამევლო "ქართუ ბანკის" დირექტორთან და შემეთავაზებინა რამე დამატებითი ინტერესი მოგების წილის სახით ამ პროექტიდან.
საუბარში ივანიშვილი ამბობს, რომ "მე არ მინდა, რომ ვუბრძანო ნატო ხაინდრავას სესხი გაცემა", თუმცა შემდგომ მათივე ჩვენებებში ის ამბობს, რომ უბრძანა ნატოს (ხაინდრავას), რომ გაეცა სესხი, ოღონდ როგორც ივანიშვილის თავისივე ინვესტიცია. ერთ შემთხვევაში არ ვუბრძანებო ამბობს, მეორე შემთხვევაში ვუბრძანეო - მთელ ამ საქმეში როგორც ივანიშვილს აქყობს ისე საუბრობს ივანიშვილიც და მისი ბანკიც. არც ჩანაწერში არ არის ნახსენები, რომ ეს არის ინვესტიცია. ანუ არცერთი უტყუარი მტკიცებულება, გარდა ივანიშვილის პირადი ჩვენებისა და მისი თანამშრომლების ჩვენებისა, ნახსენებიც კი არ არის პოტენციურ ინვესტირებაზეც კი.
ივანიშვილი მეუბნება, რომ წავსულიყავი "ქართუ ბანკში" და ბოლომდე განმეხილა ეს პირობები. ზუსტად იმავე დღეს მე შევხვდი "ქართუ ბანკის" დირექტორს და ზუსტად იმავე დღეს კომიტეტმა დაამტკიცა სესხი. ანუ გამორიცხულია, ივანიშვილის მიერ ნახსენები ის დამატებითი მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც ის გახდა ვითომდა ინვესტორი. ეს ფიზიკურად ვერ მოესწრებოდა, - ამბობს ბაჩიაშვილი.
ბაჩიაშილის ადვოკატმა ლევან მგალობლიშვილმა ყურადღება გერმანელი ექსპერტების დასკვნაზე გაამახვილა, რომელმაც აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობა დაადასტურა და თქვა, რომ მასში მხოლოდ ორი ადამიანი საუბრობს.
ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ ჩანაწერი არ არის დამონტაჟებული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადასტურებს ჩანაწერის თარიღს და ადგენს მოსაუბრე პირთა ვინაობებს. იყო სტანდარტული სესხის ხელშეკრულება, რომელიც გაიცა ბანკის მხრიდან. ასევე, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მე გამოვიკვლიე თვითონ ეს სესხის ხელშეკრულება და მაინინგის ხელშეკრულება გაფორმებული "ბიტფურისა" და "მიშენგეით ინ-ს" შორის, რითაც დასტურდება, რომ ვალდებულება სრულად აღებული ჰქონდა მსესხებელ კომპანიას და ეს სესხის პირობებიც სრულ თანხვედრაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, - ამბობს ადვოკატი.
რაც შეეხება ბიძნა ივანიშვილის ადვოკატებს, ისინი გერმანულ ექსპერტიზას უნდობლობას უცხადებენ და ამტკიცებენ, რომ აღნიშნულში ბევრი ხარვეზია, რომელიც დამატებით გამოკვლევას საჭიროებს.
პირველი, რაც აღსანიშნავია ცალსახად დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზაზე არის ის, რომ ის არ არის კატეგორიული ხასიათის განსხვავებით იმ პოზიციებისგან, რასაც ამ მიმართულებით დაცვა აცხადებს. ამავდროულად, ამ ექსპერტიზამ ძალიან ბევრი ხარვეზი დაადგინა, რაზეც სამხარაულის ექსპერტიზის გაცემული დასკვნაც საუბრობს და ეს ხარვეზები დაახლოებით იდენტურია. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზა თვითონვე საუბრობს მის ყველა ნაწილში, რომ ის არის სავარაუდო და ბევრი გარემოება საჭიროებს დამატებით შესწავლას, რაც არ განხორციელებულა, იმიტომ, რომ ეს დამატებითი შესწავლა, მათ შორის, გულისხმობს შინაარსობრივ შესწავლას, რასაც გერმანელი ექსპერტი ფიზიკურად ვერ განახორციელებდა, - ამბობს მიხეილ სანდრაძე.