24 საათი საყოველთაო გაფიცვამდე- მოქალაქეები საპროტესტო მარშისთვის ემზადებიან

24.02.25 15:32
24 საათი საყოველთაო გაფიცვამდე- მოქალაქეები საპროტესტო მარშისთვის ემზადებიან

24 საათი საყოველთაო გაფიცვამდე - ხალხი ქუჩაში ხვალ 16:00 საათზე 49 სინდისის პატიმრის, 500 ნაწამები ადამიანის და ათასობით დაჯარიმებულის სახელით გადის. იფიცეებიან დასაქმებულებიც და დამსაქმებლებიც. ექვსი მსხვადასხვა მსველელობა ექვსი სხვადასხვა ლოკაციიდან 18:00 საათისთვის დაიწყება.

რეჟისორი პაატა ციკოლია, რომელიც ხვალ საპროტესტო აქციაზე გასვლას გეგმავს, ამბობს, რომ ახლა ერთობა და სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ეს არის ის გზა, რომელიც ქართველ ხალხს გამარჯვებამდე მიიყვანს.

ჩვენ თუ ვიქნებით ერთად, არაფერი გვემუქრება, იმიტომ, რომ დღეს საქართველო ბევრად უფრო ძლიერია როგორც სახელმწიფო, როგორც საზოგადოება, ბევრად უფრო ძლიერია ყველა თვალსაზრისით. თუკი გვინდა, ვიქცეთ ახალ საქართველოდ, ძლიერ და დაცულ საქართველოდ, ამის გაკეთება ნამდვილად შეგვიძლია. ერთადერთი, რაც გზაზე გვეღობება, არის სოლიდარობა. მე ვხედავ, რომ გვაქვს სოლიდარობა, უბრალოდ, ეს უნდა გამოვხატოთ ხოლმე. აი, რაღაც ნაწილი ყოველდღიურად დგას რუსთაველის გამზირზე და ასე გამოხატავს და 25-ში გვექნება შანსი, რომ გამოვხატოთ, ვიყოთ ერთმანეთის სოლიდარულები. ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ აქ ერთად, ვართ ბევრნი და გვინდა ისეთი სახელმწიფო, როგორზეც მაშინდელი ჩვენი გმირები ოცნებობდნენ. შეგვიძლია, ეს სახელმწიფო დავაყენოთ და ავაშენოთ დღეს და ამის გასაკეთებლად პირველი ნაბიჯი ყველას გადადგმული გვაქვს და ახლა გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი ამ სოლიდარობის საჩვენებლად, რომ ნამდვილად ვართ აქ ის საზოგადოება, რომელსაც შეგვწევს უნარი, რომ ავაშენოთ ახალი და ნამდვილად ისეთი სახელმწიფო, როგორსაც ნამდვილად იმსახურებს ქართველი ერი, - ამბობს პაატა ციკოლია. 

აქციების მნიშვნელობაზე საუბრობს ეკნომისტი სოსო ბერიკაშვილიც. 

ეს აქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ყოველდღიური აქციებიც და ხალხმრავალიც. ამ აქციების დამსახურებაა ბევრი რამ, რაც ხდება, მათ შორის, საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოსი და რეჟიმის არალეგიტიმაციის განგრძობადობა. ძალიან მნიშნელოვანია, რომ მათ შორის, ჩვენს დასავლელ მეგობრებში არსებობდეს იმის შეგრძნება, რომ ეს არალეგიტიმური რეჟიმია, - ამბობს ბერიკაშვილი. 

აქციაზე მისვლას გეგმავს ივანიშვილის მილიონების ყოფილი მმართელი გიორგი ბაჩიაშვილიც. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ენმ-ს მთავრობის შეცვლის შემდეგ ბევრი ადამიანი მოდუნდა, რადგან ირწმუნა, რომ "ოცნება" ქვეყანას ევროპისკენ წაიყვანდა, თუმცა ასეარ მოხდა. ბაჩიაშვილის თქმით, სწორედ ქართველი ხალხის პასუხისმგებლობაა, არ მოდუნდეს და ყველა ხელისუფალი აკონტროლოს.  

არასდროს უნდა მოვდუნდეთ. სწორედ ჩვენი მოსახლეობის ბრალია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის შეცვლის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი მოდუნდა და იფიქრა, რომ ევროპისკენ მიჰყავდა ივანიშვილს ჩვენი ქვეყანა. როგორც აღმოჩნდა, ეს ყველაფერი იყო ფარსი. ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ჩენი ხელისუფალი, მოსახლეობის ვალდებულებაა და პასუხისმგებლობა, რომ არ მოდუნდეს და ყოველთვის შეამოწმოს, დარწმუნდეს იმაში, რომ მთავრობა ნამდვილად ემსახურება ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებს, - ამბობს ბაჩიაშვილი.