“ღმერთმა არ ქნას, ვინმე ცუდად გაგვიხდეს“ - გაუწმენდავი გზების გამო, ბათუმში სასწრაფოს ექიმები ფეხით გადაადგილდებიან
რთული მეტეოროლოგიური ვითარებაა დასავლეთ საქართველოში-მაღალმთიან აჭარასა და გურიაში გადაუღებლად თოვს.
ჩაკეტილია გზები, გათიშულია ელექტროენერგია. ათასობით აბონენტს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში.
ადგილობრივები შესაბამის უწყებებს გულგრილობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ, დაპირების მიუხედავად, გზების გაწმენდა არ ხდება.
ისინი დახმარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მოუმზადებელი შეხვდა დიდთოვლობას.
ყველამ იცოდა, რომ დიდთოვლობა იყო მოსალოდნელი, მაგრამ, ამის მიუხედავდ, მოუმზადებელი შეხვდა. ხომ უნდა ჩანდეს, რომ ვიღაც ცდილობს, რომ ამ პრობლემებს გაუმკლავდეს, ეს არააქტიურობა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ძალიან ბევრი სახელმწიფო მოხელე გულგრილად ეკიდება საკითხს. სამი დღის წინ ვესაუბრე საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელს და ჩვენ ეტაპობრივად დავიწყებთ გაწმენდასო და სამი დღე თუ არ მოუწია აქაურობას გაწმენდა, როდისღა გაიწმინდება,- ამბობს ადგილობრივი.
საზოგადოების დაცინვაში ადანაშაულებს ადგილობრივ ხელისუფლებას ოპოზიციის წარმომადგენელი და ამბობს, რომ იმის ნაცვლად, რომ საქმე აკეთონ, საიმიჯო კლიპებს იღებენ და სოციალურ ქსელებში აზიარებენ.
სოფლების 100 პროცენტი პარალიზებულია. გაწმინდეს რამდენიმე სოფლის მისასვლელი გზა და ამაზე გაადიღეს საიმიჯო კლიპი, აზიარებენ და აშიარებენ “ოცნების“ წარმოამდგენლები, მერიის და საკრებულოს წევრები და ამით დასცინიან მოსახლეობას, თითქოს, როგორ კარგად მუშაობენ. მაგრამ მოსახლეობა კარს რო გამოაღებს და ნახავს, რა ხდება კარის წინ“,, - ამბობს ის.
იმის გამო, რომ გზის გაწმენდითი სამუშაოები დროულად არ მიმდინარეობს, საავადმყოფოსთან მისასვლელი გზაც კი ჩახერგილია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს ფეხით უწევთ გადაადგილება, რათა პაციენტებამდე მივიდნენ.
მუნიციპალური საავამდყოფო გაუმართავად ემსახურება მოქალაქეებს და თითქმის, ვერანაირ მომსახურებას ვერ იღებენ. ასეთ პირობებში, ღმერთმა არ ქნას, ვინმე ცუდად გაგვიხდეს“, - ამბობს ერთ-ერთიი ადგილობრივი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა 26 თებერვლამდე შენარჩუნდება.