შემოგვიერთდი, ოღონდ აქ არა, იქ, რუსთაველზე- ონისე ცხადაძის წერილი ციხიდან
“თუ გინდა გააკეთო უფრო მეტი, ვიდრე ჩატში ჩაყრილი პოსტების დალაიქება და გაზიარებაა, შემოგვიერთდი. ოღონდ აქ არა. ღმერთმა დაგიფაროთ. იქ რუსთაველზე“, -ამის შესახებ პროევროპული აქციების დროს დაკავებული ონისე ცხადაძე წერილში ვკითხულობთ, რომელსაც ის ციხიდან ავრცელებს.
რეჟიმის პატიმარი მზია ამაღლობელის გადაწყვეტილებას, შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, სასიხარულოს უწოდებს და ამბობს, რომ “ერთმა ქალმა უამრავი კაცის გასაკეთებელი გააკეთა.“
ხალხს, ვისაც ჯერ კიდევ მოსწონს, რაც ხდება ან ჩუმადაა, დიქტატურა რომ აგიხსნათ როგორი წყობაცაა, მარტივი ენით მივუდგები.
დიქტატურაში ადამიანები ცხოვრობენ სტაბილურად ცუდად (ბევრი), სტაბილურად ნორმალურად (საშუალო) და სტაბილურად კარგად (ცოტა). თუმცა თუ თქვენ მას შეეწინააღმდეგებით, შეგეძლებათ იყოთ უკეთესად.
დიქტატორს არ უყვარს თავის შესაძლებლობებთან მიახლოებული ადამიანები. ის საფრთხედ აღიქვამს მათ. ამიტომ ფიქრობს რომ მათზე, მინიმუმ, ორჯერ მეტი უნდა იყოს ნებისმიერ საკითხში. ის გთრგუნავთ და განვითარებას არ გაცდით. არა და ვინ იცის, იქნებ ადამიანებს ფრენაც კი შეგვიძლია, ხან საკუთარი თავი, ხან ზემდგომი პირი და ხანაც ორივე ერთად რომ არ გვიშლიდეს ხელს?!
ამიტომ თუ გინდა გააკეთო უფრო მეტი, ვიდრე ჩატში ჩაყრილი პოსტების დალაიქება და გაზიარებაა, შემოგვიერთდი. ოღონდ აქ არა. ღმერთმა დაგიფაროთ. იქ რუსთაველზე. თუმცა, რომ იცოდეთ, მთელი სულით და გულით იქ ვარ.P.S. კიდევ ერთხელ მზია ამაღლობელი. სასიხარულო ამბავია, ჯანმრთელობას ვუსურვებ. ერთმა ქალმა უამრავი კაცის გასაკეთებელი გააკეთა. კიდევ ერთხელ ჯანმრთელობა და თავისუფლება პირველ რიგში მას!“, - წერია ონისე ცხადაძის წერილში, რომელიც 19 თებერვლით თარიღდება.
შეგახსენებთ, რომ ონისე ცხადაძე 5 დეკემბერს, თერჯოლაში დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. იუმორისტს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.